სად გადანაწილდა მარნეულის ხუთი ახალი ავტობუსი

904

მარნეულის მუნიციპალიტეტში ხუთმა ახალმა ავტობუსმა პირველი რეისი, დღეს, 12 ოქტომბერს შეასრულა. შპს „ავტოპარკის“ დირექტორის, გიგა ჯალაღონიას თქმით, სამი ტრანსპორტი ქალაქ მარნეულში, ხოლო ორი, სოფლებში გადანაწილდა. ამის შესახებ რადიო მარნეული წერს. 

„დღეიდან ჩვენი ავტობუსები ხაზებზე არიან. სამი ქალაქში დარჩა, ერთი სოფელ ალგეთის მიმართულებით ივლის, ერთიც თამარისის მიმართულებით. ეს ყველაფერი გადაწყდა ავტობუსების მდგომარეობიდან გამომდინარე, სადაც იყო შესაცვლელი სასწრაფოდ და აუცილელად, ეს ყველაფერი მოსახლეობის მოთხოვნით არის გათვალისწინებული. საიმერლოშიც შეიცვალა ტრანსპორტი, დღეს მანდ თეთრი ავტობუსი გავუშვით, რომელიც აქამდე ქალაქ მარნეულში დადიოდა“, – აცხადებს ჯალაღონია.

ჯალაღონიას თქმით, ტრანსპორტი შეიცვლება წითელი ხიდის მიმართულებითაც.

მარნეულის მუნიციპალიტეტის ადგილობრივმა თვითმმართველობამ 5 ავტობუსის შესაძენად ტენდერი 19 მარტს გამოაცხადა.

სატენდერო წინადადების მიხედვით, მერია ავტობუსების შესაძენად 1 335 000 ლარის დახარჯვას აპირებდა. ტენდერში მონაწილეობა ორმა კომპანიამ „ჯი-თი გრუპ“-მა და შპს „აზია სერვისი“-მ მიიღო.

შპს „აზია სერვისი“-მა მერიას ავტობუსების ჩამოყვანა 1 268 800 ლარად, ხოლო „ჯი-თი გრუპ“-მა 1 311 000 ლარად შესთავაზა. ტენდერის გამარჯვებული „ჯი-თი გრუპი“ გახდა. მერიამ მასთან ხელშეკრულება 28 მაისს გააფორმა.