წინამდებარე ანგარიში მოიცავს საქართველოში 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების წინასაარჩევნო მონიტორინგის შედეგებს. ანგარიშში შესულია ორგანიზაციის მიერ 1 სექტემბრიდან 30 სექტემბრის ჩათვლით დაფიქსირებული დარღვევები, თუმცა, ვინაიდან 1 სექტემბრამდეც, ანუ წინასაარჩევნო კამპანიის ოფიციალურად დაწყებამდე, დაფიქსირდა ფაქტები, რომლებიც საარჩევნო სუბიექტებისთვის არათანაბარ საარჩევნო გარემოს ქმნის, ისინი მონიტორინგის ანგარიშში აისახა.
მონიტორინგი, „ღია საზოგადოების ფონდის“ ფინანსური მხარდაჭერით, სადამკვირვებლო ორგანიზაციის – „საქართველოს მედია კლუბის“ პროექტის – „წინასაარჩევნო პერიოდში საარჩევნო სუბიექტებისთვის თანაბარი გარემოს შესაქმნელად ადგილობრივი თვითმმართველობის საქმიანობის მონიტორინგი“ – ფარგლებში ხორციელდება.
მონიტორინგის მიზანს წარმოადგენს, შევისწავლოთ, თუ როგორ ასრულებენ წინასაარჩევნო პერიოდში ადგილობრივი თვითმმართველობები საქართველოს ორგანული კანონის, „საქართველოს საარჩევნო კოდექსის“ 45-ე, 46-ე, 48-ე და 49-ე მუხლებით დაკისრებულ ვალდებულებას და წინასაარჩევნო პერიოდში „საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 162 1; 1641 და 1644 მუხლებით დადგენილ რეგულაციებს.
შესაბამისად, ანგარიში შედგება შემდეგი ნაწილებისგან:
- წინასაარჩევნო პერიოდში ადგილობრივი თვითმმართველობების მიერ მიღებული ნორმატიული აქტები სააგიტაციო მასალის განთავსებასთან დაკავშირებით – შეასრულეს თუ არა მუნიციპალიტეტებმა „საარჩევნო კოდექსის“ 46-ე მუხლით დადგენილი ვალდებულებები ნორმატიული აქტების მიღებისა და მათი გამოქვეყნების თაობაზე (იხილეთ ანგარიში).
- წინასაარჩევნო კამპანიაში (აგიტაციაში) ხელის შეშლის ფაქტები – რამდენად იქნა დაცული „საქართველოს საარჩევნო კოდექსის“ 45 მუხლის მოთხოვნა (წინასაარჩევნო აგიტაციის, ამომრჩეველთან შეხვედრების, შეკრებების, მანიფესტაციების თავისუფალ და უსაფრთხო გარემოში წარმართვა, სააგიტაციო მასალის თავისუფლად გავრცელება)
- პოლიტიკური შინაარსის პლაკატებისა და სააგიტაციო მასალის გაკვრისას დაჯარიმებული აქტივისტები
- სააგიტაციო მასალის ჩამოხევის/დაზიანების ფაქტები
- ადმინისტრაციული რესურსის გამოყენების ფაქტები – რამდენად დაიცვეს მუნიციპალიტეტის ორგანოებმა „საქართველოს საარჩევნო კოდექსის“ 45-ე, 48-ე და 49-ე მუხლებით დადგენილი რეგულაციები (მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის დაფინანსებით ორგანიზებულ ღონისძიებაზე/პრეზენტაციაზე ორგანიზატორის მიერ წინასაარჩევნო აგიტაციის გაწევა, საბიუჯეტო სახსრების, საჯარო ფინანსებით განხორციელებული პროექტების, ადგილობრივი ხელისუფლების ორგანოების კუთვნილი ფინანსური და მატერიალური რესურსების გამოყენება პოლიტიკური სუბიექტის სასარგებლოდ, წინასაარჩევნო პერიოდში არაუფლებამოსილი პირების მონაწილეობა რომელიმე საარჩევნო სუბიექტის სასარგებლოდ წინასაარჩევნო აგიტაციაში და წინასაარჩევნო ღონისძიებებში, წინასაარჩევნო აგიტაციის გაწევას სამუშაო საათების დროს და ა.შ.)
- მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატების მონაწილეობა სახელმწიფო და ადგილობრივი ბიუჯეტით დაფინანსებულ ღონისძიებებში
- ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების კუთვნილი სატრანსპორტო საშუალების გამოყენების ფაქტები
- მუნიციპალიტეტების ადმინისტრაციული ერთეულებისა და საჯარო მოსამსახურეების ფეისბუქის გვერდების გამოყენება მმართველი პარტიისა და მისი კანდიდატების სასარგებლოდ
- ამომრჩევლის სავარაუდო მოსყიდვის ფაქტები – რეგულირდება „საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის“ 1641მუხლით. – ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების ან მათ წარმომადგენელთა მხრიდან საარჩევნო მიზნით, პირდაპირ ან არაპირდაპირ ფულის, ფასიანი ქაღალდის (მათ შორის, ფინანსური ინსტრუმენტის), სხვა ქონების, ქონებრივი უფლების, მომსახურების ან სხვა რაიმე უპირატესობის შეთავაზება, დაპირება, გადაცემა ან გაწევა, ან წინასწარი შეცნობით ასეთის მიღება, ანდა კანონით დადგენილი შეზღუდვებისათვის თავის არიდების მიზნით მოჩვენებითი, თვალთმაქცური ან სხვა გარიგების დადება.
- წინასაარჩევნო პერიოდში ძალადობის, ზეწოლისა და დაშინების ფაქტები – რეგულირდება „საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის“ 1621 მუხლით – თვითმმართველობის ორგანოების წარმომადგენელთა მხრიდან (პოლიტიკური თანამდებობის პირები, მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციული ერთეულების წარმომადგენლები, საჯარო მოსამსახურეები) წინასაარჩევნო აგიტაციის ან წინასაარჩევნო კამპანიის ღონისძიების დროს ცემა ან სხვაგვარი ძალადობა.
ასევე, შეგიძლიათ გაეცნოთ: 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების მიერ მიღებული ნორმატიული აქტებისა და მათი გამოქვეყნების მონიტორინგის შედეგები
ინფორმაციის წყაროს წარმოადგენდნენ საპარლამენტო არჩევნებში მონაწილე საარჩევნო სუბიექტები, სადამკვირვებლო ორგანიზაციები, ელექტრონული და ბეჭდვითი მედიასაშუალებები, სოციალური მედია და ადგილობრივი აქტივისტები. მონიტორინგის პროცესში შემოსული ინფორმაცია შეძლებისდაგვარად მოწმდებოდა სხვადასხვა დამოუკიდებელ წყაროსთან და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებთან, მათ შორის, მუნიციპალიტეტებიდან საჯარო ინფორმაციის გამოთხოვის გზით.
დეტალური ანგარიში მუნიციპალიტეტების მიხედვით იხილეთ ბმულზე