მარნეულის მუნიციპალიტეტში საბავშვო ბაღების შემოწმება მიმდინარეობს

447

მარნეულის მუნიციპალიტეტში საბავშვო ბაღების შემოწმება მიმდინარეობს. როგორც რადიო „მარნეულთან“ მიცემულ ინტერვიუში მარნეულის ბაგა-ბაღების გაერთიანების უფროსმა, ზაურ ქარამოვმა თქვა, ამოწმებენ თუ რამდენად არიან ბაღები მზად იფუნქციონირონ COVI-19-ის პირობებში. ამის შესახებ რადიო მარნეული წერს.

„დღეს მიმდინარეობს შემოწმება. სამმა ბაღმა უკვე გაიარა შემოწმება და მომცეს გახსნის ნებართვა, მეოთხე ბაღის შემოწმება კი ახლა მიმდინარეობს. ერთი არის ქალაქ მარნეულის მესამე ბაღი, მეორეა ალგეთის საბავშვო ბაღი, ერთი კი სოფელ საიმერლოს ბაღი. მეოთხე კი სადახლოს ბაღია, რომელსაც ახლა ამოწმებენ. დანარჩენ საბავშვო ბაღებში რეგლამენტით გათვალისწინებულია, რომ ყველა ბაღში უნდა იყოს ელექტროღუმელები სამზარეულოში, რაზეც მერიამ უკვე გამოაცხადა ტენდერი. 10 ბაღში არ გვაქვს ეს ღუმელები. ახლო მომავალში გვექნება და მათაც შეამოწმებენ.  ბაღებს შემოსავლების სამსახურის წარმომადგენლები ამოწმებენ თავიანთი უფლებამოსილების ფარგლებში“, – ამბობს ზაურ ქარამოვი.

ზაურ ქარამოვმა განმარტა, რომ ბაღების ფუნქციონირებისათვის მთავარ მოთხოვნად კვლავ რჩება სოციალური დისტანციის დაცვა, რბილი სათამაშოების აკრძალვა. მისივე თქმით, ყველა ბავშვს ექნება ინდივიდუალური საკანცელარიო ნივთები მათ შორის, ფანქრები, ფერადი ფურცლები, მაკრატელი, სახაზავი და ა.შ.

აღსანიშნავია, რომ ადგილობრივმა თვითმმართველობას საბავშვო ბაღებისთვის ელექტროღუმელების შესყიდვისათვის 23 644 ლარიანი ტენდერი აქვს გამოცხადებული.

სააღმზრდელო პროცესი საბავშვო ბაღებში 12 ოქტომბერს აღდგება.