„ქართული ოცნების” დამფინანსებლების და ყოფილი მაღალჩინოსნების კომპანიები შიდა ქართლში და სამცხე-ჯავახეთში სამშენებლო ტენდერებს იგებენ, – ამის შესახებ კვლევას “საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველო” აქვეყნებს.
„საგზაო სამშენებლო სამმართველო N1” გორში 1998 წელს დაფუძნდა და ამჟამად მას 3 მეწილე ფლობს. ნუგზარ და ნუკრი აბალაკები კომპანიის 25%-25% წილებს ფლობენ, 50% კი შოთა აბულაძის საკუთრებაშია. 2011 წლიდან დღემდე ამ კომპანიამ სამშენებლო ტენდერებისა და პირდაპირი შესყიდვების გზით სახელმწიფოსგან ჯამურად 205,178,478 ლარი მიიღო . ამ თანხის ნახევარზე ოდნავ მეტი (50,2%) – 103,002,020 ლარი კომპანიამ 2018 წლის იანვრიდან 2020 წლის სექტემბრამდე მიიღო. მხოლოდ 2019 წელს “საგზაო სამშენებლო სამმართველო N1”-ის სახელმწიფო ტენდერებიდან მიღებულმა შემოსავალმა 56,431,099 ლარი შეადგინა.
ამ კომპანიის მფლობელებმა, 2015 წელს, სამცხე-ჯავახეთის გუბერნატორის ყოფილ მოადგილესთან, ავთანდილ კაჭკაჭაშვილთან და ამავე გუბერნატორის მეგობართან, ახალციხის მუნიციპალური შპს “კეთილმოწყობის” ყოფილ დირექტორთან, გიორგი ბალიაშვილთან ერთად დააარსეს “საგზაო სამშენებლო სამმართველო N2”, რომელიც უმეტესად სამცხე-ჯავახეთში ოპერირებს. ამ კომპანიამ 2017 წლის დასაწყისიდან 2020 წლის სექტემბრამდე სახელმწიფო შესყიდვებიდან 13,607,970 ლარი მიიღო.
მეწილეები
ნუგზარ და ნუკრი აბალაკები „ქართული ოცნების“ მსხვილი შემწირველები არიან. მათ 60,000-60,000 ლარი მმართველ პარტიას 2016 წლის აგვისტოსა და ოქტომბერში გადაურიცხეს. კომპანიის მესამე მეწილემ, შოთა აბულაძემ კი 60,000 ლარი 2012 წლის საპარლამენტო არჩევნების წინ “ერთიან ნაციონალურ მოძრაობას” შესწირა. ყოფილ მმართველ პარტიას აფინანსებდა უშუალოდ კომპანიაც. 2011 წელს „საგზაო სამშენებლო სამმართველო N1”-მა 100,000 ლარი „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას” გადაურიცხა.
ბიზნესმენი შოთა აბულაძე “ერთიან ნაციონალურ მოძრაობასთან” დაახლოებულ პირად ითვლებოდა. მისი შვილი, გიორგი აბულაძე, წინა ხელისუფლების დროს წლების განმავლობაში მუშაობდა რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროში, რეგიონული განვითარების დეპარტამენტის უფროსის პოზიციაზე, ხოლო მისი სიძე, გიორგი კვიწინაძე, შიდა ქართლის გუბერნატორის მოადგილე იყო. გორის სათემო რადიო “მოზაიკას” და შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრის თანახმად, შოთა აბულაძე იოსებ მაკრახიძის, “ქართული ოცნებიდან” გორის მაჟორიტარი დეპუტატის, მეგობარი და ოჯახის ახლობელია.
ნუგზარ და ნუკრი აბალაკები შოთა აბულაძის დიდი ხნის ბიზნეს-პარტნიორები არიან. ისინი ამჟამად ერთად 4 ბიზნესს მართავენ.
ტენდერები
შპს „საგზაო სამშენებლო სამმართველო №1”-მა 2011 წლიდან დღემდე სახელმწიფო შესყიდვებით ჯამურად 205,178,478 ლარი მიიღო. აქედან 195,214,666 ლარი ტენდერების შედეგად მიღებულ თანხას წარმოადგენს, ხოლო დარჩენილი 9,963,812 ლარი კომპანიამ გამარტივებული შესყიდვების გზით მოიპოვა.
კომპანიამ 2011 წლიდან დღემდე 267 ტენდერიდან 139 მოიგო. აქედან, 64 შემთხვევაში ერთადერთი პრეტენდენტი იყო, 27 ტენდერში კი იმ კომპანიას მიენიჭა დისკვალიფიკაცია, რომელიც შემსყიდველს „საგზაო სამშენებლო სამმართველო №1”-ზე ნაკლებ თანხას სთავაზობდა. შედეგად უკონკურენტო ტენდერებით კომპანიამ შემოსავლის სახით 43,495,702 (ტენდერებიდან მთლიანად შემოსული თანხის 22,2%) ლარი მიიღო, ხოლო იმ ტენდერებში, რომელშიც მისი კონკურენტების დისკვალიფიკაცია მოხდა, კომპანიამ 49,812,910 ლარი (27,3%). უნდა აღინიშნოს ისიც, რომ ზოგიერთ შემთხვევაში ტენდერში ორზე მეტი კომპანია მონაწილეობდა, თუმცა დისკვალიფიკაცია მხოლოდ იმ კომპანიებს ენიჭებოდათ, რომელიც შემსყიდველს, „საგზაო სამშენებლო სამმართველო №1”-ზე ნაკლებ თანხას სთავაზობდა.
კომპანიის მომსახურების ძირითადი შემსყიდველები გორის მუნიციპალიტეტი, საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტი და საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდი არიან, თუმცა კომპანია ასევე იგებს კასპის, ადიგენის, ახალციხის მუნიციპალიტეტების და აგრეთვე სხვადასხვა სახელმწიფო ა(ა)იპ-ების და სსიპ-ების მიერ გამოცხადებულ ტენდერებს.
შპს „საგზაო სამშენებლო სამმართველო №1”-ის მიერ მიღებული ტენდერები წლების განმავლობაში:
2019 წლის 22 ნოემბერს გამოქვეყნებული სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ანგარიშში საუბარია, რომ 2017-2018 წლებში გორის მუნიციპალიტეტში გზების მშენებლობის, რეაბილიტაციისა და მოვლა-შენახვის სამუშაოების შესყიდვისთვის 33 ტენდერი გამოცხადდა, საიდანაც შპს „საგზაო სამშენებლო სამმართველო №1“-მა 22 შემთხვევაში მიაღწია წარმატებას, ხოლო დანარჩენ შემთხვევებში – შპს „შარამ“ და შპს „იბოლიამ“, რომლებიც “ქართული ოცნებიდან” გორის მაჟორიტარი დეპუტატის, იოსებ მაკრახიძის ოჯახს ეკუთვნის. იოსებ მაკრახიძის ოჯახის ბიზნეს-ინტერესების შესახებ “საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო” წერდა 2019 წლის სექტემბერში. ამ შესყიდვებიდან 21 ტენდერი უკონკურენტოდ გაიმართა. შედეგად ტენდერებიდან, შპს „იბოლიამ“ შემოსავლის სახით 4,126,498 ლარი მიიღო, შპს „შარამ“ – 2,695,359 ლარი, ხოლო შპს „საგზაო სამშენებლო სამმართველო №1”-მა – 12,712,254 ლარი.
მსგავსი ტენდენციები გრძელდება 2019 წლიდან დღემდეც. აღნიშნული მიმართულებით გამოცხადებულ “მსხვილ” ტენდერებში უმთავრესად კვლავ ეს სამი კომპანია მონაწილეობდა. ამ ტიპის ტენდერებში 21-ჯერ გაიმარჯვა შპს „საგზაო სამშენებლო სამმართველო №1”-მა. ეს კომპანია ხშირ შემთხვევაში უკონკურენტოდ აღწევდა წარმატებას, ზოგ შემთხვევაში კი მისი კონკურენტი კომპანია შპს „შარა“ იყო, რომელიც გორის მუნიციპალიტეტის მერიას უფრო დიდ თანხას სთავაზობდა და ამიტომაც აგებდა. აღნიშნული ტენდერებიდან ამ პერიოდში შპს „საგზაო სამშენებლო სამმართველო №1”-მა ჯამში 14,387,449 ლარი მიიღო, ხოლო შპს „იბოლიამ“ – 3,073,444 ლარი. სწორედ “საგზაო სამშენებლო სამმართველო N1” და იოსებ მაკრახიძის ოჯახის კომპანიები ინაწილებენ შიდა ქართლში გზების მშენებლობისა და რეაბილიტაციის საკმაოდ ძვირადღირებულ შესყიდვებს.
2019 წლის 22 ნოემბერს გამოქვეყნებული სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ანგარიში მიუთითებს იმაზეც, რომ ხშირ შემთხვევაში სატენდერო კომისია შპს „საგზაო სამშენებლო სამმართველო №1“-ს სასარგებლოდ ახდენდა იმ კონკურენტი კომპანიის დისკვალიფიკაციას, რომელიც შესაბამისი სამუშაოს შესრულებისას უფრო დაბალ ფასს სთავაზობდა. ამის ნიმუშად აუდიტის სამსახურს მოჰყავს შპს „ორბიტას“ დისკვალიფიკაცია.
საგზაო სამშენებლო სამმართველო №2
2015 წლის 10 დეკემბერს შპს „საგზაო სამშენებლო სამმართველო №1”-მა ახალციხეში პარტნიორებთან ერთად დაარეგისტრირა შპს „საგზაო სამშენებლო სამმართველო №2”. აღნიშნულ კომპანიაში საწყის ეტაპზე 70% წილს ფლობდა შპს „საგზაო სამშენებლო სამმართველო №1”, ხოლო 15%-15% ფლობდნენ სამცხე-ჯავახეთის გუბერნატორის ყოფილი მოადგილე ავთანდილ კაჭკაჭაშვილი და მისი მეგობარი, ახალციხის მუნიციპალური შპს “კეთილმოწყობის” ყოფილი უფროსი გიორგი ბალიაშვილი, რომელიც იმავდროულად კომპანიის დირექტორიც იყო.
ამჟამად კი შპს “საგზაო სამშენებლო სამმართველო №2”-ში წილები შემდეგნაირად არის გადანაწილებული: ავთანდილ კაჭკაჭაშვილი – 30% (დირექტორი), შოთა აბულაძე – 35%, ნუკრი აბალაკი – 17.5%, ნუგზარ აბალაკი – 17.5%.
ავთანდილ კაჭკაჭაშვილიცა და გიორგი ბალიაშვილიც თანამდებობის პირები მას შემდეგ გახდნენ, რაც 2013 წლის ბოლოს საქართველოს მთავრობამ აკაკი მაჭუტაძე სუს-ის სამცხე-ჯავახეთის რეგიონული სამმართველოს უფროსის პოზიციიდან სამცხე-ჯავახეთის გუბერნატორად გადაიყვანა. მაჭუტაძემ კაჭკაჭაშვილი მოადგილედ 2014 წლის იანვარში დანიშნა. მოგვიანებით გუბერნატორის მეგობარმა, გიორგი ბალიაშვილმა ახალციხის მუნიციპალური შპს „კეთილმოწყობის” უფროსის პოზიცია დაიკავა. ბალიაშვილმა და კაჭკაჭაშვილმა თანამდებობები 2015 წლის ივლისში ერთდროულად დატოვეს. ამის შემდეგ კი ბიზნესპარტნიორები გახდნენ და სახელმწიფო შესყიდვებში გააქტიურდნენ.
ავთანდილ კაჭკაჭაშვილი გუბერნატორის მოადგილედ დანიშვნამდე, ადიგენში „ქართული ოცნების“ შტაბს ხელმძღვანელობდა.
გიორგი ბალიაშვილის სახელი რამდენიმე გახმაურებულ საქმეს უკავშირდება: 2015 წელს, იგი ყოფილმა პატიმარმა ცემაში დაადანაშაულა, 2016–2017 წლების წინასაარჩევნო პერიოდში კი „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლები მას ფიზიკურ შეურაცხყოფაში ამხელდნენ. ამ ინციდენტების გამო გუბერნატორის მეგობრის, გიორგი ბალიაშვილის პასუხისმგებლობის საკითხი საგამოძიებო უწყებებს დღემდე არ დაუყენებიათ.
2017 წლის თვითმმართველობის არჩევნებზე გიორგი ბალიაშვილის დედა, ზოია ბალიაშვილი „ქართული ოცნებიდან“ ახალციხის საკრებულოში მაჟორიტარ დეპუტატად აირჩიეს, 2018 წლის მარტში კი მისი დის ქმარი, კობა კურტანიძე ახალციხის მუნიციპალიტეტის შპს „კეთილმოწყობის“ დირექტორად დანიშნეს.
2017 წლის ივლისიდან 2020 წლის სექტემბრამდე „საგზაო სამშენებლო სამმართველო N2“ 95 ტენდერში მონაწილეობდა და 47 მოიგო, მათ შორის 19-ში (38.7%) ერთადერთი პრეტენდენტი იყო. მისი ძირითადი შემსყიდველები სამცხე-ჯავახეთის მუნიციპალიტეტები იყვნენ. მათ შორის ყველაზე მსხვილი, დაახლოებით, 5,5 მილიონი ლარის შესყიდვები ადიგენის მუნიციპალიტეტის მერიას ჰქონდა.
„საგზაო სამშენებლო სამმართველო N2”-მა ტენდერებიდან სულ 13,607,970 ლარი მიიღო, აქედან 3 952 231 ლარი (29%) უკონკურენტოდ მოგებული ტენდერებიდან დაერიცხა.
„საგზაო სამშენებლო სამმართველო N2”-ის მონაწილეობა ტენდერებში
„საგზაო სამშენებლო სამმართველო N2“- მა ამავე პერიოდში მიიღო 7,367 ლარის ოდენობის 6 გამარტივებული შესყიდვა, მათ შორის სამი შესყიდვა (სულ 4,465 ლარის ღირებულების) – ახალციხის შპს „კეთილმოწყობისგან“.
ბოლო სამი წლის განმავლობაში კომპანიამ სულ 13,615,337 ლარის ოდენობის ხელშეკრულებები გააფორმა სახელმწიფო შესყიდვებზე.
აღსანიშნავია, რომ მას შემდეგ, რაც „საგზაო სამშენებლო სამმართველო №1”-მა ახალციხეში, ავთანდილ კაჭკაჭაშვილთან და გიორგი ბალიაშვილთან ერთად, „საგზაო სამშენებლო სამმართველო N2“ დააფუძნა, იგი სახელმწიფო შესყიდვებში სამცხე-ჯავახეთშიც გააქტიურდა. მანამდე „საგზაო სამშენებლო სამმართველო №1”-ს რეგიონში მხოლოდ 5 ტენდერი ჰქონდა მოგებული, ჯამში 5,056,920 ლარზე, შემდეგ კი 46 ტენდერიდან 23 მოიგო და ჯამში 27,374,099 ლარი დაერიცხა. აქაც მისი შემსყიდველები ისევ საავტომობილო გზების დეპარტამენტი და რეგიონის მუნიციპალიტეტები იყვნენ.
საერთო ჯამში, კაჭკაჭაშვილი-ბალიაშვილის და მათი პარტნიორების კომპანიებმა, „საგზაო სამშენებლო სამმართველო N1-მა” და „საგზაო სამშენებლო სამმართველო N2-მა”, სამცხე-ჯავახეთში, 2015 წლის დეკემბრიდან დღემდე განხორციელებული პროექტებით, 40,989,436 ლარი მიიღეს.
„საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო“ მოუწოდებს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციულ სააგენტოს, შეისწავლოს „საგზაო სამშენებლო სამმართველო N1-ისა“ და „საგზაო სამშენებლო სამმართველო N2-ის“ სახელმწიფო შესყიდვები და გამოარკვიოს, ხომ არ ჰქონდა ადგილი შესაძლო კორუფციულ გარიგებებს მათსა და შემსყიდველ ორგანიზაციებს შორის.
სრული კვლევა ნახეთ აქ: