პრემიერმინისტრ გიორგი გახარიას განცხადებით, ოკუპირებულ აფხაზეთში დაკავებული ირაკლი ბებუას გათავისუფლების მიზნით საქართველოს ხელისუფლებას ყველა ინსტრუმენტი აქვს ამუშავებული.
ამასთან, პრემიერმა უპასუხა დასმულ შეკითხვას, რომლის მიხედვითაც სამოქალაქო აქტივისტებმა ირაკლი ბებუას მხარდასაჭერი აქცია მთავრობის ადმინისტრაციასთან გამართეს.
„როგორ ფიქრობთ, ის ადამიანები, რომლებმაც აქცია გამართეს, უფრო ქმედით ნაბიჯებს დგამენ იმისთვის, რომ ეს ადამიანი გათავისუფლდეს? პირიქით, მეტსაც გეტყვით…. რაც შეეხება საქმის შინაარსობრივ ნაწილს, ჩვენ ახლა ამუშავებული გვაქვს ყველა შესაძლო და არამხოლოდ შესაძლო ინსტრუმენტი იმისთვის, რომ მივაღწიოთ ამ ადამიანის გათავისუფლებას“, – განაცხადა გახარიამ.
შეგახსენებთ, რომ 30 სექტემბერს ირაკლი ბებუმა ოკუპირებულ გალში, მაშინ როდესაც ადგილობრივი სეპარატისტული მთავრობა ე.წ. “დამოუკიდებლობის დღეებს” ზეიმობდა, დემონსტრაციულად დაწვა თვითაღიარებული აფხაზეთის ე.წ. დროშა.
მას სოხუმის რეჟიმი “დროშის შეურაცხყოფის” და ქონების დამამძიმებელ გარემოებაში განზრახ დაზიანება-განადგურების გარდა, საბრძოლო მასალის უკანონოდ ფლობასაც ედავება.