პანკისის სათემო რადიოსა და მისი დამფუძნებლის მიმართ მუქარაზე გამოძიების დაწყებას ითხოვენ

871

წინა სტატია

შემდეგი სტატია

კოალიცია მედია ადვოკატირებისთვის პანკისის სათემო რადიოს ირგვლივ არსებულ სიტუაციას ეხმაურება და ხელისუფლებას მოუწოდებს დაუყოვნებლივ გამოიძიოს საქმე, რომელიც ჟურნალისტურ საქმიანობაში უკანონოდ ხელის შეშლას გულისხმობს.

კოალიციაში აცხადებენ, რომ  დროულად უნდა შეჩერდეს პანკისის სათემო რადიოს გუნდის წინააღმდეგ მიმართული უკანონო მოქმედებები.

“მიგვაჩნია, რომ პანკისის სათემო რადიოს წინააღმდეგ წარმოებული კამპანია არ შეიძლება დარჩეს სათანადო რეაგირების გარეშე და ხელისუფლება ვალდებულია დაუყოვნებლივ მიიღოს ზომები როგორც მომხდარი ფაქტის გამოძიების, ისე რადიოს 2020 წლის 06 ოქტომბრის განცხადების თაობაზე, რომლითაც კიდევ უფრო ნათლად ჩანს ჟურნალისტურ საქმიანობაში უკანონოდ ხელის შეუშლის მიზნით დაგეგმილი ნაბიჯები”, – ნათქვამია კოალიციის განცხადებაში.

პანკისის სათემო რადიოს წინააღმდეგ სოფელ დუისში 2 საპროტესტო აქცია ჩატარდა – 5 სექტემბერს და 29 აგვისტოს.

5 სექტემბერს შეკრებილებმა მოითხოვეს, რომ გელა მთივლიშვილს ხეობა დაეტოვებინა, ვინაიდან ის პანკისელების შესახებ არაკორექტულ განცხადებებს აკეთებდა და ადგილობრივებს შეურაცხყოფდა. მათივე თქმით, ისინი არ ეწინააღმდეგებიან მედიის და პანკისის სათემო რადიოს მუშაობას.

გელა მთივლიშვილის განცხადებით, აქციებს როდის სკოტის ფონდისა და რამდენიმე რადიკალურად განწყობილი ჯგუფი მართავს, სალაფიტური თემის ზოგიერთი ლიდერის, ადგილობრივი ხელისუფლების ხელმძღვანელი პირებისა და სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომლების მხარდაჭერით.

პანკისის სათემო რადიოს ცნობით, მათი ინფორმაციით, დემონსტრანტები დახურვის ერთ-ერთ მიზეზად 2019 წელს მოკლული 37 წლის ვისური მუთოშვილის მკვლელობის საქმის არაობიექტურად გაშუქებას ასახელებენ, რასაც ჰესების მშენებლობაზე ორ გვარს შორის დაწყებულ დავას უკავშირებენ.

მედიაორგანიზაციის ცნობით, დახურვის მოთხოვნის კიდევ ერთი მიზეზი რადიკალური ჯგუფებისთვის შორტის ჩაცმისთვის მამა-შვილის ცემის გაშუქებაა. პანკისის სათემო რადიოს მიხედვით, აქციის ორგანიზატორების თქმით, რადიო პატივს არ სცემს ქისტების წესებს და მომხდარის აქტიური გაშუქებით ხელი შეუწყო სამი ახალგაზრდის დაკავებას, რომლებმაც ქუჩაში შორტებით გასვლის გამო მამა-შვილს სცემეს და მამას ხელი მოსტეხეს.

პანკისის სათემო რადიო განცხადებაში წერდა, რომ ადგილობრივების აზრით, რადიომ თავისი არაერთი რეპორტაჟით და ადგილობრივებსა და სამართალდამცველებს შორის 2019 წლის 21 აპრილს მომხდარი შეტაკების პირდაპირ ეთერში გაშუქებით, ინვესტორის, კომპანია „ალაზანი ენერჯის“ მესაკუთრის, ლაშა იორდანიშვილის მიმართ უნდობლობა და წინააღმდეგობა გააღრმავა. მათივე თქმით, რადგან იორდანიშვილს პანკისის ხეობაში მუშაობის შესაძლებლობა არ მიეცა და ის ხეობიდან გააძევეს, პანკისი სათემო რადიომაც უნდა დატოვოს.

საქართველოს სახალხო დამცველის შეფასებით, პანკისის სათემო რადიოსა და მისი დამფუძნებლის წინააღმდეგ სოფელ დუისში, 29 აგვისტოს და 5 სექტემბერს ჩატარებული აქციები და ამ აქციებზე გაკეთებული განცხადებები სცდება შეკრების და გამოხატვის თავისუფლების ფარგლებს.

ომბუდსმენის განცხადებით, საქართველოს კანონმდებლობით, მუქარის შემცველი და პირის მიმართ ძალადობის მოწოდებისკენ მიმართული განცხადებები შეკრების და გამოხატვის თავისუფლების ფარგლებში არ მოიაზრება.

ამავდროულად, პანკისის უხუცესთა კავშირი საგანგებო განცხადებას ავრცელებს და პანკისის სათემო რადიოს მხარდაჭერას უცხადებს. უხუცესთა კავშირში აცხადებენ, რომ რადიოსთან დაპირისპირებული ადამიანების უკან გარკვეული ძალა დგას.

2020 წლის 4 სექტემბერს, პანკისის სათემო რადიოს დამფუძნებელმა საქართველოს გენერალურ პროკურორს ირაკლი შოთაძეს განცხადებით მიმართა და გამოძიების დაწყება მოითხოვა.