პანკისის სათემო რადიოს შენობის გაყიდვის საკითხი ახმეტის საკრებულოდან გაიწვიეს

421

პანკისის სათემო რადიოს, იგივე “რადიო ვეის” შენობის გაყიდვა აღარ განიხილება. როგორც On.ge-ს ახმეტის მუნიციპალიტეტის საკრებულოში განუცხადეს, დღეს გამართულ სხდომაზე მომხსენებელმა, თინათინ კუდიანიშვილმა საკითხი უკან გაიწვია.

აღნიშნულს რადიოს დამფუძნებელი, გელა მთივლიშვილი გამოეხმაურა. მისი განცხადებით, მათ წინააღმდეგ მიმართული ამ ქმედებების ერთადერთი მიზანი, რადიოს ხეობიდან “გაძევებაა”.

“გუშინ გავრცელდა განცხადება, ხოლო დღეს ამას გამოეხმაურა კოალიცია მედიის ადვოკატირებისათვისდა იმისთვის, რომ წინასაარჩევნოდ უხერხულ მდგომარეობაში არ აღმოჩნდნენ, საკითხი გაიწვიეს უკან. თუმცა, მიზანი არის ერთი — რაც შეიძლება მოკლე დროში რადიო გააძევონ ხეობიდან”, — განაცხადა მან.

დღეს, 7 ოქტომბერს კოალიცია მედიის ადვოკატირების წევრმა ორგანიზაციებმა ხელისუფლებას პანკისის სათემო რადიოსა და მისი დამფუძნებლის, გელა მთივლიშვილის წინააღმდეგ განხორციელებული მუქარის საქმეზე გამოძიების დაწყებისკენ მოუწოდეს.

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს, პანკისის სათემო რადიოს საქმეზე რეაგირებისკენ სახალხო დამცველმაც მოუწოდა.

პანკისის სათემო რადიოსთან დაკავშირებით აქცია სოფელ დუისში 29 აგვისტოს გაიმართა. მისი ორგანიზატორი როდი სკოტის სახელობის ფონდი საქართველოს ხელმძღვანელი, ლია მარგოშვილი იყო. მისი ორგანიზაცია და პანკისის სათემო რადიო ერთ შენობაში მდებარეობს. მარგოშვილს ამ შენობის ყიდვა სურდა და ამტკიცებდა, რომ გელა მთივლიშვილი ამაში მას ხელს უშლიდა.

5 სექტემბერს, ხეობაში პანკისის სათემო რადიოსა და მისი დამფუძნებლების წინააღმდეგ მორიგი საპროტესტო აქცია მოეწყო. აქციის მონაწილეები ხეობიდან რადიოს დამფუძნებლისა და ჟურნალისტის, გელა მთივლიშვილის წასვლას მოითხოვდნენ. გარდა ამისა, ისინი აცხადებდნენ, რომ პანკისის სათემო რადიო ხეობაში განვითარებულ მოვლენებს არაობიექტურად აშუქებს.