მარნეულის მერია სადახლოს ადმინისტრაციულ ერთეულში, სოფელ თაზაკენდში, სასაზღვრო გამშვებ პუნქტთან, სასაფლაოს მიმდებარე ტერიტორიაზე ობიექტის მშენებლობას და მოსახლეობის პროტესტს განცხადებით ეხმიანება. ინფორმაციას ტვ4 ავრცელებს.
მათ მიერ მოწოდებული ინფორმაციის თანახმად, მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე, ნებისმიერი უნებართვო მშენებლობა დაუშვებელია, შესაბამისად, კანონით დადგენილ წესებთან შეუსაბამო ყველა ქმედებას, მოჰყვება რეაგირება.
„გვსურს განვუმარტოთ ჩვენს მოქალაქეებს, რომ მუნიციპალიტეტის უფლებამოსილების ფარგლებში, ზემოაღნიშნულ ფაქტზე რეაგირება ჩვენი მხრიდან უკვე განხორციელდა. თუმცა მკაფიოდ განვმარტავთ, რომ ის ადგილი სადაც მიწის სამუშაოები მიმდინარეობდა, არ წარმოადგენს სოფლის სასაფლაოს ტერიტორიას და მის კუთვნილებასთან დაკავშირებით რაიმე სახის პრეტენზია მოკლებულია სამართლებრივ საფუძველს.
ამასთან გაცნობებთ, რომ მიმდინარე წლის 21 აგვისტოს, საქართველოს მთავრობის № 1629 განკარგულებით, სახელმწიფოს საკუთრებაში არსებული უძრავი ქონება, (1467 კვ.მ მოცულობის არასასოლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი) აღნაგობის ხელშეკრულებით, 30 წლის ვადით, სარგებლობაში გარკვეული საინვესტიციო ვალდებულებით გადაეცა, ერთ-ერთ კერძო კომპანიას. აღნიშნულმა კომპანიამ მიწის პირველადი სამუშაოები მერიასთან შეუთანხმებლად, სპეციალისტების შეფასებით, ხარვეზებით აწარმოა, რასაც ჩვენის მხრიდან მყისიერი რეაგირება მოჰყვა, რაც კომპანიის დაჯარიმებას გულისხმობს.
აქვე სრული პასუხისმგებლობით განვმარტავთ, რომ ზოგიერთი ოპოზიციური პარტიის წარმომადგენელთა მიერ გავრცელებული ინფორმაცია, რომ თითქოსდა სამუშაოები სასაფლაოს კუთვნილ ტერიტორიაზე მიმდინარებს და ადგილი აქვს სახელმწიფოს ბალანსზე არსებული ქონების არამართლზომიერად განკარგვას, არ შეესაბამება სიმართლეს და ემსახურება ჩვენი მოქალაქეების მიზანმიმართულად შეცდომაში შეყვანის მცდელობას.
მარნეულის მუნიციპალიტეტის მერია კიდევ ერთხელ მოუწოდებს ზოგიერთი ოპოზიციური პარტიის ადგილობრივ წარმომადგენლებს, თავი შეიკავონ ცრუ ინფორმაციის გავრცელებისა და საზოგადოების შეგნებულად შეცდომაში შეყვანისგან. რადგან, ეს არის ძალიან მარტივად გადამოწმებადი არასწორი ინფორმაცია, რომელსაც შეცდომაში შეყავს ჩვენი მოქალაქეები,“ – წერია მერიის განცხადებაში.
განცხადებაში არ არის ნახსენები თუ რომელი კომპანია აწარმოებს სამუშაოებს და რა ოდენობის ჯარიმაზეა საუბარი. დამატებით კომენტარს მერიაში ამ დრომდე არ აკეთებენ.
გუშინ, 5 ოქტომბერს მარნეულის სოფელ სადახლოს მცხოვრებლებმა აქცია გამართეს. ისინი აცხადებდნენ, რომ კერძო კომპანიამ, რომელიც სოფელში ინფრასტრუქტურულ სამუშაოებს ატარებს, მათი წინაპრების საფლავები დააზიანა.
როგორც ამბობენ, სასაფლაო ოდნავ შემაღლებულ ადგილას არის მოწყობილი, სამშენებლო ტექნიკა კი მის ქვედა ნაწილს, ძირს, ფაქტობრივად, შლის. ასევე, მათი თქმით, “სასაფლაოზე მანქანები დადიან”.