სოფელ სადახლოს მცხოვრებლების თქმით, კერძო კომპანია მათი წინაპრების საფლავებს აზიანებს

418

მარნეულის სოფელ სადახლოს მცხოვრებლები ამბობენ, რომ კერძო კომპანიამ, რომელიც სოფელში ინფრასტრუქტურულ სამუშაოებს ატარებს, მათი წინაპრების საფლავები დააზიანა. ინფორმაციას ფორმულანიუსი ავრცელებს. 

როგორც ამბობენ, სასაფლაო ოდნავ შემაღლებულ ადგილას არის მოწყობილი, სამშენებლო ტექნიკა კი მის ქვედა ნაწილს, ძირს, ფაქტობრივად, შლის. ასევე, მათი თქმით, “სასაფლაოზე მანქანები დადიან”.

ადგილობრივებმა დღეს ეს ადგილზე გააპროტესტეს.

სადახლოს მცხოვრებლებმა მარნეულის ადგილობრივ მთავრობას მოსთხოვეს, უზრუნველყოს კომპანიის მიერ სამუშაოების ისე შესრულება, რომ საფლავები არ დაზიანდეს.

სადახლოს სასაფლაოზე დღეს როგორც მარნეულის მერის მოადგილე, ლაშა ლობჯანიძე, ისე ევროპული საქართველოს კანდიდატი, აჰმედ იმამკულიევი მივიდნენ.

ლობჯანიძის თქმით, თუ კომპანია წესებს დაარღვევს, პასუხი სწორედ მას მოეთხოვება.