ამიერიდან, ახალციხის მერიას, სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოში, ელექტრონული წვდომა ექნება მუნიციპალიტეტში მცხოვრებთა პერსონალური მონაცემების ნაწილზე. თვითმმართველობაში აცხადებენ, რომ ეს საქმისწარმოებასა და მოქალაქეებთან ურთიერთობას გაამარტივებს. ინფორმაციას სამხრეთის კარიბჭე ავრცელებს.
ახალციხის მუნიციპალიტეტის მიერ, მოქალაქეების გარკვეულ პერსონალურ ინფორმაციაზე წვდომასთან დაკავშირებით, ხუთ ოქტომბერს საკრებულოს რიგგარეშე სხდომაზე იმსჯელეს. სხდომაზე მყოფმა ყველა დეპუტატმა მას მხარი დაუჭირა.
ეს გულისხმობს, რომ მუნიციპალიტეტი ახალ ელექტრონულ წარმოებაზე გადადის. შესაბამისად „სოციალური დახმარების, ჯანმრთელობის დაცვის, ადამიანური რესურსების მართვის და და.ა.შ მიზნებისთვის“ მუნიციპალიტეტს შეეძლება სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოდან მოქალაქის პერსონალური მონაცემები ელექტრონულად მიიღოს.
აღნიშნულ პერსონალურ მონაცემებში იგულისხმება:
– სახელი
– გვარი
– პირადი ნომერი
– დაბადების თარიღი
– სქესი
– მოქალაქეობა
– ინფორმაცია პირად მისამართზე რეგისტრაციის შესახებ
– ინფორმაცია საქართველოში კანონიერად ყოფნის საფუძვლის შესახებ
– ფოტოსურათი
„ეს პროგრამა უშუალოდ კავშირში იქნება სერვისების განვითარების სააგენტოსთან და მუნიციპალიტეტი ამა თუ იმ სუბიექტთან დაკავშირებით, სხვადასხვა განცხადების დამუშავების მომენტში, პერსონალურ მონაცემებს მიიღებს“, – განმარტა სხდომაზე ახალციხის მუნიციპალიტეტის მერიის ადმინისტრაციული და იურიდიული სამსახურის ხელმძღვანელმა, ბაია იველაშვილმა.
მისივე თქმით, ეს გადაწყვეტილება მუნიციპლურ სერვისებს უფრო მოქნილს გახდის. გარდა ამისა, მუნიციპალიტეტმა სერვისების განვითარების საგენტოსგან მიღებული ინფორმაცია უნდა დაამუშაოს, მიიღოს და გამოიყენოს, მხოლოდ იმ ოდენობით და იმ მიზნებისთვის, რასაც კონკრეტული განაცხადი მოიცავს და საჭიროებს.
„ვთქვათ, მოქალაქემ ჩვენთან გარკვეული საჭიროებისთვის უნდა წარმოადგინოს დოკუმენტების ჩამონათვალი, მათი შეგროვებისთვის რომ არ ვაწვალოთ მოქალაქე, გარკვეულ პერსონალურ მონაცემებზე მერიას ექნება წვდომა და გამოითხოვს ამ ინფორმაციას. ეს გაამარტივებს მათთვისაც საქმეს“, – აცხადებს საკრებულოს თავმჯდომარე გელა ნოზაძე.
დღესვე დეპუტატებს ეცნობათ, რომ საკრებულოს წევრი, ტიგრან მელქონიანი სხდომებს ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო ვერ ესწრება.