ამირან გიორგაძესთან დაკავშირებით ჩატარებულია გარკვეული საგამოძიებო მოქმედებები და კიდევ ჩატარდება, -ამის შესახებ შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ვლადიმერ ბორცვაძემ ბრიფინგზე განაცხადა.
მისივე თქმით, გამოვლენილ დანაშაულებებზე რეაგირება მათი მხრიდან მყისიერი იქნება.
„როგორც მე განვაცხადე თუ გამოიკვეთება კონკრეტული პირის პასუხისმგებლობის საკითხი და დადასტურდება საქმეზე შეკრებილი მტკიცებულებებით ჩვენი რეაგირება იქნება მყისიერი“, – განაცხადა ვლადიმერ ბორცვაძემ.
შეგხსენებთ, რომ 29 სექტემბერს, ღამით, მარნეულში „ქართული ოცნებისა“ და „ნაციონალური მოძრაობის“ აქტივისტები ერთმანეთს დაუპირისპირდნენ. მომხდართან დაკავშირებით შს სამინისტრომ რამდენიმე პირი დააკავა.
დაპირისპირების ორგანიზებაში “ნაციონალური მოძრაობა” მარნეულის საკრებულოს თავმჯდომარეს ამირან გიორგაძეს ადანაშაულებს.
ოპოზიციური პარტიები ძალადობაზე პასუხისმგებლობას ხელისუფლებას აკისრებენ და ამბობენ, რომ ეს არჩევნებში წაგების შიშზე მიუთითებს.
ინციდენტებს გამოეხმაურა მმართველი გუნდიც და პასუხისმგებლობა ნაციონალურ მოძრაობას დააკისრა.
მომხდარ მოვლენებს გამოეხმაურა არასამთავრობო ორგანიზაცია “საქართველოს მედია-კლუბი”, რომელმაც მოუწოდა „ქართულ ოცნებას“, აიღოს პოლიტიკური პასუხისმგებლობა და დაუყოვნებლივ გადააყენოს გიორგაძე დაკავებული თანამდებობიდან.