“ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” ზუგდიდის ორგანიზაცია საოლქო პროკურატურას საუბნო საარჩევნო კომისიებში დანიშნული თავმჯდომარეების, მდივნებისა და მათი მოადგილეების კორუფციული საქმიანობის შესწავლისა და რეაგირებისკენ მოუწოდებს.
ფრაქციის თავმჯდომარე ანა წითლიძემ დღეს ჟურნალისტებს იმ კომისიის წევრების სახელობითი სია წარუდგინა, ვისი არჩევის შესახებაც პარტიამ, როგორ წითლიძე ამბობს, თავიდანვე იცოდა.
მათ შესაბამისი წერილით საოლქო კომისიას 30 სექტემბრამდე მიმართეს და ეს სიებიც გადასცეს.
ენმ-ს ფრაქციის თავმჯდომარის თქმით, საუბნო კომისიებში არჩეული არიან ა(ა)იპ-ის თანამშრომლები და ასევე საჯარო მოხელეების ნათესავები, რომლებიც “ქართული ოცნების” დავალებებს ასრულებენ, რაც მისი თქმით, სისხლის სამართლის დანაშაულია.
წითლიძის თქმით, ერთ-ერთი ასეთია საინიციატივო ჯგუფის სახელით წარდგენილი კომისიის წევრი დარეჯან ნემსაძე მე-3 უბანზე, რომელიც წარმოადგენს შპს “ზუგდიდდასუფთავებას” და “სუფთა ქალაქს”. მას, ანა წითლიძის განმარტებით, მოგებული აქვს 500 ათასზე მეტი მოცულობის ტენდერი და ასევე შ.პ.ს. “ზუგდიდის მუნიციპალური ტრანსპორტის” ყოფილი ხელმძღვანელის, ბადრი ნემსაძის ოჯახის წევრია…
“ყველა ის ადამიანი, ვის არჩევაზეც ჩვენი ცნობით დირექტივა “ქართული ოცნების” შტაბიდან იყო გაცემული, რომ ისინი ყოფილიყვნენ საუბნო საარჩევნო კომისიის თავჯდომარეები, მოადგილეები და მდივნები, დღეს სიის წევრები არიან, რაც არის პირდაპირი კანონდარღვევა და სისხლის სამართლის პასუხისმგებლობის საფუძველი, – ამბობს წითლიძე.
საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარემ მირანდა მესხმა ენმ-ს ბრალდებებს უპასუხა და განაცხადა, რომ უკანონოდ არც ერთი კომისიის წევრი არ აურჩევიათ.
პარტიის საარჩევნო შტაბი პროკურატურას საკითხით დაინტერესებისკენ მოუწოდებს.
შეგასხენებთ, რომ “ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ” საუბნო კომისიების წევრების მიკერძოებით შერჩევის გამო პრეტენზიით საოლქო საარჩევნო კომისიას 29 სექტემბერსაც მიმართა.
კომისიის წევრების პარტიული ნიშნით შერჩევაში ოპოზიციამ საოლქო კომისიები ბათუმსა და ქუთაისშიც დაადანაშაულა.