ბლოკი „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – გაერთიანებული ოპოზიცია, „ძალა ერთობაშიას“ წარმომადგენელი თამარ კორძაია ცენტრალურ საარჩევნო კომისიას არაორგანიზებულობაში ადანაშაულებს.
როგორც კორძაიამ გაერთიანებული ოპოზიციის შტაბში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, საარჩევნო კომისიის საქმიანობაში დამხმარე პერსონალის მონაწილეობა წარმოადგენს სრულიად თვითნებურ ხასიათს, რადგან ბუნდოვანია მათი უფლება-მოვალეობები და ასეთ პირებთან გაფორმებული შრომის ხელშეკრულებები უნდა იყოს ღია და საზოგადოებისთვის ცნობილი.
„უკვე მეორე დღეა საუბნო საარჩევნო კომისიები იხსნება და ჩვენ გვაქვს სახეზე უმძიმესი ვითარება. ცენტრალური საარჩევნო კომისია არ უზრუნველყოფს საუბნო საარჩევნო კომისიების ნორმალურ და ჯანსაღ, კომისიების კანონიერ ფარგლებში გახსნას. არაორგანიზებულობის მაგალითად საკმარისია ბათუმის 98- ე უბნის გახსნის ვიდეოკადრების ნახვა, თუ როგორ ექცევიან საარჩევნო კომისიის წევრებს მიკერძოებით, არ აძლევენ ინფორმაციას სხდომის მიმდინარეობის შესახებ. გარდა ამისა, საარჩევნო კომისიის საქმიანობაში დამხმარე პერსონალის მონაწილეობა წარმოადგენს სრულიად თვითნებურ ხასიათს, რადგან ბუნდოვანია დამხმარე პერსონალის უფლება-მოვალეობები და მათთან გაფორმებული შრომის ხელშეკრულებები ალბათ, უნდა იყოს ღია და საზოგადოებისთვის ცნობილი. დასასაბუთებლად საკმარისია იმ ფაქტების მოყვანა, რომელიც ჩამოწერილი გვაქვს. პირველი – გუშინ მარნეულში ჟურნალისტის ცემა იყო გაგრძელება სწორედ ცენტრალური საარჩევნო კომისიის მიერ გაკეთებული განცხადების, რომელიც ოპოზიციური პოლიტიკური პარტიის წარმომადგენელს ადანაშაულებდა დამხმარე პერსონალის ცემაში. ამის შემდეგ დაიწყო დაპირისპირება. ამიტომ, ცენტრალური საარჩევნო კომისია უნდა ასრულებდეს საკუთარ უფლებამოსილებას, რადგან მისი ფუნქციაა არჩევნების მშვიდ და კანონიერ გარემოში ჩატარება. ნებისმიერ პრობლემაზე, რომელიც საუბნო საარჩევნო კომისიებში შეიქმნება პასუხისმგებელია ცენტრალური საარჩევნო კომისია“, – განაცხადა კორძაიამ.