ბორჯომის ცენტრალური სტადიონის რეაბილიტაციისთვის საპროექტო დოკუმენტაცია მომზადდება, პროექტის სავარაუდო ღირებულება 1,5 მილიონი ლარია. ამის შესახებ სამხრეთის კარიბჭე წერს.
ბორჯომის მერიამ საპროექტო დოკუმენტაციის მომზადებისთვის ტენდერი უკვე გამოაცხადა, დამპროექტებელმა კომპანიამ მოედნის რეაბილიტაციის პროექტი ხელშეკრულების გაფორმებიდან 60 დღის ვადაში უნდა მოამზადოს, რისთვისაც უწყება 38 135 ლარის დახარჯვას გეგმავს.
სატენდერო დოკუმენტაციის მიხედვით, პროექტი უნდა ითვალისწინებდეს 4 000 კვ.მ ტერიტორიის მოწყობის გეგმას, რომლის სავარაუდო ღირებულებაც 1 500 000 ლარი იქნება.
ცენტრალური სტადიონის ამჟამინდელი მდგომარეობის გამო, ქალაქის საფეხბურთო კლუბი „ბორჯომი“, რომელიც საქართველოს მეოთხე ლიგაზე ასპარეზობს, საშინაო მატჩებს მცხეთაში, ვარჯიშებს კი თბილისში მართავს, რადგან მოედანი ლიგის სტანდარტებს ვერ აკმაყოფილებს.