ზუგდიდის #67-ე საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე მირანდა მესხის განცხადებით, საუბნო საარჩევნო კომისიის წევრები კანონის შესაბამისად აირჩიეს. ის დარწმუნებულია, რომ თავისმხრივ ეს პირები საუბნო საარჩევნო კომისიის ხელმძღვანელ პირებსაც დღეს საარჩევნო კოდექსის დაცვით აირჩევენ. ამის შესახებ ლაივპრესი წერს.
მას უსაფუძვლოდ მიაჩნია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ბრალდებები, თითქოს საოლქო საარჩევნო კომისია ხელმძღვანელობს მმართველი პარტიის მიერ მოწოდებული სიებით, რათა საბოლოო ჯამში საარჩევნო უბნებზე „ქართული ოცნებისთვის“ სასურველი პირები მოხვდნენ და არჩევნები გააყალბონ.
მირანდა მესხმა „ლაივპრესთან“ საუბარში განაცხადა, რომ საოლქო კომისიამ საუბნო საარჩევნო კომისიის წევრების შესარჩევ კონკურში ყველა რეგულაცია დაიცვა და ყველა ის პირი ვისი ნათესავიც შესაძლოა ყოფილიყო ამ კონკურსში მონაწილე, არ იღებდა მონაწილეობას არც კონკრეტული აპლიკანტის და არც შესაბამისი უბნის წევრების შესარჩევ კენჭისყრაში. მირანდა მესხი დარწმუნებულია, რომ დღეს საარჩევნო უბნებზე ხელმძღვანელ პირებს – კომისიის თავმჯდომარეს, მოადგილესა და მდივანს ასევე კანონის დაცვით აირჩევენ.
„დღეს უბნებზე იმართება პირველი სხდომები სადაც ირჩევა კომისიის ხელმძღვანელი პირები. კომისიის არანაკლებ ორი წევრი ასახელებს კანდიდატურას და რამდენიც იქნება,სათითაოდ ეყრება კენჭი. ხმათა უმრავლესობით ხდება არჩევა…
რაც შეეხება მათ მიერ შემოტანილ განცხადებას, მათ ადრეც დაურთეს სია, რომ ვიღაცა ვიღაცის ნათესავია, რომ ეს იმისი მეუღლეა, ამისი დაა, პოლიციელის შვილია. მსგავსი მინაწერები ჰქონდათ. ჩვენ ვინც ავირჩიეთ კანონის სრული დაცვით ავირჩიეთ. ესენი იყვნენ კომისიის წევრები, ექვსეული. ეს იყო ახალი რეგულაციიებით არჩეული – თუ რომელიმე კომისიის წევრის ნათესავი იღებდა მონაწილეობას კონკურსში, ის არ იყო ჩართული არამარტო ამ კონკრეტული პირის, ამ კონკრეტული აპლიკანტის, არამედ ამ უბანზე რეგისტრირებული აპლიკანტების კენჭისყრაშიც“, – განაცხადა მირანდა მესხმა.
მისივე განმარტებით, საუბნო საარჩევნო კომისიის შესარჩევ კონკურსში სულ 693 ადამიანი დარეგისტრირდა, საიდანაც ავტომატურად მოიხსნა 38, რადგან ბოლო, 2019 წლის ზუგდიდის მერის რიგგარეშე არჩევნებში იყვნენ პარტიიდან დანიშნული კომისიის წევრები.
„მე ნათესაური ურთიერთობების კვლევა არ მევალება. კონკრეტულად კომისიას ეს არ ევალება. ყველამ მიიღო ინდივიდუალური გადაწყვეტილება საკანონმდებლო რეგულაციების საფუძველზე და იმ პრიორიტეტების საფუძველზე რაც განსაზღვრულია ცენტრალური საარჩევნბო კომისიის მიერ და ეს კი გახლავთ საარჩევნო გამოცდილება, პასუხისმგებლიანობა მათი, ბოლო 2 წლის განმავლობაში დისციპლინური სახდელის არქონა და საგანმანათლებლო პროგრამებში მონაწილეობა“, – განაცხადა მირანდა მესხმა.
ენმ-ის წარმომადგენლები 29 სეტემბერსაც იყვნენ პრეტენზიებით მისული ზუგდიდის საოლქო საარჩევნო კომისიაში, სადაც სიტყვერი დაპირისპირებაც მოხდა.
ისინი ირწმუნებოდნენ, რომ საარჩევნო ადმინისტრაციიდან კანონდარღვევით ხდება კედლის სიებისა და საარჩევნო ინვენტარის გატანა და მათი არაუფლებამოსილი პირებისთვის გადაცემა, რაც საოლქო კომისიაში უარყვეს. ინციდენტს განცხადებით გამოეხმაურა ცენტრალური საარჩევნო კომისია. ცესკოში განმარტეს, რომ ბლოკის “ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – გაერთიანებული ოპოზიცია ძალა ერთობაშია” წარმომადგენლები ზუგდიდის საოლქო საარჩევნო კომისიას მუშაობის შესაძლებლობას არ აძლევენ.