ახალციხის საოლქო საარჩევნო კომისიის წევრი “ქართული ოცნების” სააგიტაციო შეხვედრებს ესწრება

452

ახალციხის საოლქო საარჩევნო კომისიის წევრი, ნაირა სამსონიძე „ქართული ოცნების“ მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის, ანტონ ობოლაშვილის წინასაარჩევნო კამპანიის ფარგლებში, მოსახლეობასთან შეხვედრებს ესწრება. იურისტები საარჩევნო კოდექსის დარღვევაზე საუბრობენ. ინფორმციას სამხრეთის კარიბჭე ავრცელებს.

ახალციხის საოლქო საარჩევნო კომისიის წევრი “ქართული ოცნებიდან”, ნაირა სამსონიძე ობოლაშვილის შეხვედრას 26 სექტემბერს, სოფელ წირაში ესწრებოდა. მას შემდეგ რაც სამსონიძემ “სამხრეთის კარიბჭეს“ ჟურნალისტი შეამჩნია ტერიტორია დატოვა.

„მე შეხვედრას არ ვესწრებოდი, ისე მე წყრუთში ვცხოვრობ. ვერ დაგელაპარაკები არ ვიცი ვინ ხართ“,-განუცხადა სამსონიძემ “სამხრეთის კრიბჭეს” და ტელეფონი გათიშა.

ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის, გორის ოფისის ხელმძღვანელის, ქეთი ბებიაშვილის თქმით, საოლქო კომისიის წევრს, სააგიტაციო შეხვედრებზე დასწრების უფლება არ აქვს.

„საარჩევნო კომისიის წევრს საარჩევნო კოდექსით მსგავსი ქმედება ეკრძალება. წინასარჩევნო შეხვედრაზე მისი გამოჩენა კანდიდატის მხარდაჭერის გამოხატვას ნიშნავს“,-ამბობს იურისტი.

საარჩევნო კოდექსის 45-ე მუხლის, რომელიც წინასაარჩევნო კამპანია აგიტაციას ეხება, მეოთხე ქვეთავში მითითებულია რომ საარჩევნო კომისიის წევრს, წინასაარჩევნო აგიტაციის გაწევის ან აგიტაციაში მონაწილეობის უფლება არ აქვს.

ნაირა სამსონიძე, ახალციხის საოლქო საარჩევნო კომისიის წევრია.