ნათელაშვილი: გომელაური ოპოზიციის დევნაზე ან ინფორმაციას არ ფლობს, ან ახალ ამბებს უმალავენ

418

წინა სტატია

შინაგან საქმეთა მინისტრის, ვახტან გომელაურის განცხადებას, რომ წინასაარჩევნო კამპანიასთან დაკავშირებით ოპოზიცია ძალიან ბევრ განცხადებას აკეთებს, რომ არის თავდასხმა და პოლიცია არ იძიებს, რაც სიმართლე არ არის, ოპოზიცია გამოეხმაურა.

ოპოზიციური პარტიის ლიდერები გომელაურს სთხოვენ, დაასახელოს ერთი შემთხვევა მაინც, როცა ოპოზიციონერზე მომხდარ თავდასხმაზე უწყებამ ვინმე დასაჯა. ამის შესახებ ინფორმაციას მთავარი ავრცელებს. 

“ერთიანი ნაცინალური მოძრაობის” დეპუტატის, ხატია დეკანოიძის თქმით, ხელისუფლებას სირაქლემის პოზიცია აქვს.

“ერთია გამოძიების დაწყება და მეორეა კანონის აღსრულება და დასჯა ყველა იმ მოძალადის, რომელიც სისხლისსამართლებრივ დანაშაულს ჩაიდენს. ამიტომ ბატონი გომელაური, რომელიც ბიძინა ივანიშვილის პირადი მცველია, სახეა ქართული ოცნების”, – თქვა ხატია დეკანოიძემ.

ამ აზრს იზიარებს “ერთიანი საქართველოს” ლიდერი, ნინო ბურჯანაძეც და ამბობს, რომ მთავარი არა გამოძიების დაწყება არამედ მისი შედეგია.

“რაზე ლაპარაკობს შს მინისტრი, არცერთი ფაქტი ოპოზიციის დევნის, ძალადობის, დაშინების, მუქარის გამოყენების, პირად ცხოვრებაში ჩარევის ფაქტები გამოძიებული და ბოლომდე მიყვანილი არ ყოფილა, – თქვა ნინო ბურჯანაძემ.

“ლეიბორისტული პარტიის” ლიდერი, შალვა ნათელაშვილი კი ფიქრობს, რომ მინისტრს ინფორმაციას უმალავენ.

“როგორც ჩანს გომელაური არ ფლობს ინფორმაციას ან ახალ ამბებს უმალავენ იმის თაობაზე რა დევნაა ოპოზიციის, რა ზეწოლა, რა გადაფხეკაა, რა ჩამოხევაა პლაკატების და სააგიტაციო მასალების, რა კონტროლია ბიზნესზე, რომ ერთი ცენტიც არ წავიდეს ოპოზიციისკენ. თუ შს მინისტრი არ ფლობს ინფორმაციას, ეს კიდევ ერთი უბედურებაა ჩვენთვის, – ამბობს შალვა ნათელაშვილი.

ვახტან გომელაურმა, ასევე, აღნიშნა, რომ ილუზიას გაზრდილ კრინალთან დაკავშირებით მედიის მხრიდან ამბების არასწორი გაშუქება იწვევს. მისი აზრით, წინასაარჩევნოდ ადრეც იდევნებოდნენ ოპოციზიონერები, თუმცა, “პოლიცია ყოველთვის მოწოდების სიმაღლეზე იყო”.