„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” წარმომადგენლის, თინათინ ბოკუჩავას განცხადებით, უწყებათაშორის კომისიას ბოიკოტს უცხადებენ. მისი თქმით, ამის მიზეზი არის ის, რომ კომისია რეალურად არ იხილავს და არ რეაგირებს დარღვევებზე.
„ჩვენც ბოიკოტს ვუცხადებთ უწყებათაშორის კომისიას, რომელიც თეა წულუკიანის ხელმძღვანელობით იყო მრავალი წლის მანძილზე და ახლა ფორმალურად ეს ხელმძღვანელობა მის მოადგილეს გადაეცა, თუმცა, ამით უწყების მთავარი პრობლემა არ შეიცვალა. ეს მდგომარეობს იმაში, რომ ის რეალურად არ იხილავს და არ რეაგირებს იმ უამრავ დარღვევაზე, რაც არჩევნებიდან არჩევნებამდე ხდება. ამიტომ, ჩვენ ამ ფორმატს გამოვუცხადეთ ბოიკოტი ისევე, როგორც სხვა ოპოზიციურმა პარტიებმა და არასამთავრობო ორგანიზაციებმაც კი დატოვეს რამდენადაც მახსოვს წინა არჩევნებზე ეს ფორმატი იმიტომ, რომ წულუკიანთან სალაპარაკო არავის არაფერი აქვს. წულუკიანი ივანიშვილთან ერთად ძალიან მალე ჩამოშორდება ძალაუფლებას და გვექნება ინსტიტუტები, რომლებიც ემსახურებიან კანონს და არა მათ ვიწრო პარტიულ ინტერესს”,-განაცხადა ბოკუჩავამ. ცნობისთვის, უწყებათაშორის კომისიას ბოიკოტი „ევროპულმა საქართველომაც” გამოუცხადა.