ხარაგაულის მერობისთვის ხუთი კანდიდატი იბრძოლებს

727

31 ოქტომბერს, საქართველოს პარლამენტის არჩევნებთან ერთად, ხუთ მუნიციპალიტეტში – ხარაგაულში, თერჯოლაში, ქუთაისში, ონსა და კასპში, მერის რიგგარეშე არჩევნები გაიმართება. კანდიდატების შესახებ ჩემი ხარაგაული წერს. 

ხარაგაულში პარტია „ევროპული საქართველოს“ რაიონული ორგანიზაციის თავმჯდომარე აკაკი მაჭავარიანის ინფორმაციით, ხარაგაულში მათი პარტიიდან მერობის კანდიდატი ბესო ყრუაშვილი იქნება.

ბესო ყრუაშვილი 1975 წელს ხარაგაულში დაიბადა. დაამთავრა ზესტაფონის #4 საშუალო სკოლა, შემდეგ – ივანე ჯავახიშვილის  სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მიკრო და მაკრო ეკომონიკის ფაკულტეტი. სხვადასხვა წლებში მუშაობდა ვანისა და ლაშის სკოლების დირექტორად; შემდეგ – კერძო ბიზნესში – შპს „ნარცისში“, კომპანია „ტკბილ ქვეყანასა“ და კომპანია „თი-ბი-ენში“.

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობიდან“ ხარაგაულის მერობის კანდიდატად თორნიკე ავალიშვილი დასახელდა. ის 2007-2012 წლებში ხარაგაულის მუნიციპალიტეტის გამგებელად მუშაობდა, ხოლო ამჟამად ხარაგაულის საკრებულოს ფრაქციის „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ თავმჯდომარეა.

პარტია „პატრიოტთა ალიანსიდან“ ხარაგაულის მერობის კანდიდატი, ხარაგაულის საკრებულოს წევრი თემურ ფცქიალაძე იქნება.

სახელისუფლებო პარტიამ, “ქართულმა ოცნებამ” ხარაგაულის მერობის კანდიდატად მოქმედი პარლამენტარი, 2013-2016 წლებში ხარაგაულის გამგებელი კობა ლურსმანაშვილი დაასახელა.

პარტია „ლელო საქართველოსთვის“ ხარაგაულის რაიონული ორგანიზაციის ხელმძღვანელი ინგა მაღრაძე ამბობს, რომ პარტიის მიერ ხარაგაულის მერობის კანდიდატი უკვე შერჩეულია და მას ოფიციალურად რამდენიმე დღეში დაასახელებენ.

ხარაგაულში მერის თანამდებობა ვაკანტური მას შემდეგ გახდა, რაც მერმა ნიკო თოფურიძემ 13 ივლისს თანამდებობა დატოვა.