ადმინისტრაციული რესურსის გამოყენების ფაქტი მარნეულში

867

ადმინისტრაციული რესურსის გამოყენების ფაქტი მარნეულში. “ქართული ოცნების” მაჟორიტარობის კანდიდატის, ზაურ დარგალის საარჩევნო შტაბთან (რუსთაველის 67) საკრებულოს კუთვნილი ავტომანქანაა დაფიქსირებული (სახელმწიფო ნომრით FFI-490), რომელიც საკრებულოს თავმჯდომარეზე, ამირან გიორგაძეზეა მიმაგრებული, – ამის შესახებ ინფორმაცია და ფოტომასალა “ნაციონალური მოძრაობის” შტაბის წევრმა, ლაშა ქველაძემ სადამკვირვებლო ორგანიზაცია „საქართველოს მედია-კლუბს” მიაწოდა.

ცნობისთვის, საქართველოს საარჩევნო კოდექსის 48 მუხლის I პუნქტის “გ” ნაწილით, წინასაარჩევნო აგიტაციის და კამპანიის პერიოდში სახელმწიფო ხელისუფლების ან მუნიციპალიტეტის ორგანოების საკუთრებაში არსებული სატრანსპორტო საშუალებების გამოყენება იკრძალება.

ვინაიდან მარნეულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის დაცვას კანონით დადგენილი წესით არ უზრუნველყოფს სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახური, “საქართველოს მედია-კლუბი” მიიჩნევს, რომ ამირან გიორგაძემ დაარღვია საქართველოს ორგანული კანონის საქართველოს საარჩევნო კოდექსის 48 მუხლის I პუნქტი.

მარნეულის მოქმედი მერი ზაურ დარგალი „ქართულმა ოცნებამ“ მარნეულისა და გარდაბნის მაჟორიტარ კანდიდატად 20 ივლისს წარადგინა.

2020 წლის საპარლამენტო არჩევნებზე „საქართველოს მედია-კლუბი“ საარჩევნო სუბიექტებისთვის თანაბარი გარემოს შესაქმნელად, ადგილობრივი თვითმმართველობების საქმიანობის მონიტორინგს „ღია საზოგადოების ფონდის“ ფინანსური მხარდაჭერით ახორციელებს.