“მიჰა ჩჰამოდი” — ბოლნისში გაერთიანებული ოპოზიციის შტაბს თავს დაესხნენ

754

ბოლნისში, გაერთიანებული ოპოზიციისა და “ნაციონალური მოძრაობის” საარჩევნო შტაბებს თავს დაესხნენ. მთავარი არხის გავრცელებულ კადრებში ჩანს, რომ “ქართული ოცნების” ყოფილი წევრის და ამჟამად ენმ-ს მაჟორიტარობის კანდიდატის, კახა ოქრიაშვილის საარჩევნო შტაბზე ჩამოხიეს პლაკატები, დააზიანეს სათვალთვალო ვიდეო კამერები, კედლებზე დაწერეს შეურაცხმყოფელი სიტყვები და ცნობილი ფრაზის არასწორი ვარიცია – “მიჰა ჩჰამოდი”.

თავდამსხმელები ამ დრომდე არ არიან იდენტიფიცირებულები. ადგილობრივი ოპოზიციის წევრების თქმით, ასეთ დავალებებს “ქართული ოცნების” მაჟორიტარობის კანდიდატი გოგი მეშველიანი გასცემს.

“გუშინ ჩვენი შტაბის თანამშრომელმა, ღამის ორ საათზე დაინახა გოგი მეშველიანი, გუბა გობეჯიშვილი და ვიღაც პაპუნა, რომელიც გამგეობაში მუშაობს. იყვნენ გამგეობის წინ, მერე შევიდნენ მაღაზიაში, გამოიტანეს იქიდან საჭმელი-სასმელი, კარგად იქეიფეს, ჩაისვეს პატარა ბიჭები მანქანაში, დაჰყავდათ და ასე აღებინებდნენ და ახევინებდნენ ამ სურათებს”, — აცხადებს მთავართან ინტერვიუში შტაბის წევრი.

ეს პირველი შემთხვევა არ არის, როდესაც ოპოზიციის საარჩევნო შტაბებს აზიანებენ.

ენმ-ში აცხადებენ, რომ სავარაუდოდ პოლიციას მათი ვინაობის დადგენა არ უნდა გაუჭირდეს, რადგან არსებული ინფორმაციით, თავდამსხმელები სათვალთვალო ვიდეოკამერებმა დააფიქსირეს.

ბოლნისის, დმანისის, თეთრიწყაროსა და წალკის ოლქში გაერთიანებული ოპოზიციის “ძალა ერთობაშიას” მაჟორიტარობის კანდიდატი კახა ოქრიაშვილია.