ზუგდიდის მერიის 3 თანამშრომელს კორონავირუსი დაუდასტურდა

996

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიის 3 თანამშრომელს ახალი კორონავირუსი დაუდგინდა. ისინი გუშინ გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების კონტაქტები არიან. ამის შესახებ სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულის მოვალეობის შემსრულებელმა მალხაზ თორიამ ისაუბრა.

მისივე ცნობით, მერიაში მიმდინარეობს იმ პირების ბიოლოგიური ნიმუშების აღება, რომლებსაც ინფიცირებულთან შემხებლობა ჰქონდა.

„სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში გუშინ გაიტესტა 728 მოქალაქე, დადებითი არის 17. აქედან 14 არის ზუგდიდის კლასტერი. ესენი არიან გუშინ დადასტურებული ორი მოქალაქის კონტაქტები, მათ შორის სამი არის ზუგდიდის მერიის თანამშრომელი. ორი მესტიის მუნიციპალიტეტის ხაიშის სკოლის მოსწავლეა. მათი დაინფიცირება მოხდა მოწვეული ქობულეთელი მასწავლებლის მიერ, რომელსაც აღმოაჩნდა კოვიდინფექცია. ხაიშის სკოლა გადავიდა დისტანციურ სწავლებაზე, ხოლო ზუგდიდის მერია გადავიდა მუშაობის დისტანციურ მეთოდზე. ხაიშის სკოლის მასწავლებლის ყველა კონტაქტი შემოწმებულია“, – განაცხადა მალხაზ თორიამ.

23 სექტემბრის მონაცემებით, ქვეყანაში სულ კორონავირუსის 4 140 შემთხვევაა გამოვლენილი, საიდანაც 1 643 უკვე გამოჯანმრთელდა, 25 კი გარდაიცვალა. კარანტინში არის 5 255 პირი, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ — 836.