წინასაარჩევნოდ ახალციხის მერიაში ერთ კვირაში შვებულებით 25–მა თანამშრომელმა ისარგებლა

651

წინასაარჩევნო კამპანიის დაწყების პირველივე კვირაში, ახალციხის მუნიციპალიტეტის მერიიდან შვებულებაში 25 თანამშრომელი გავიდა, მათ შორის მერის მოადგილე და სამსახურის უფროსები. იურისტების განცხადებით, მსგავსი ქმედებით ეჭვი ჩნდება, რომ ხელისუფლება ადმინისტრაციულ რესურსს იყენებს. ამის შესახებ სამხრეთის კარიბჭე წერს. 

„სამხრეთის კარიბჭემ“ ახალციხის მერიიდან ინფორმაცია შვებულებაში გასული თანამშრომლების შესახებ, 8 სექტემბერს გამოითხოვა. რედაქცია ითხოვდა, 1 სექტემბრიდან 8 სექტემბრის ჩათვლით, ვინ და რამდენი დღით გავიდა შვებულებაში.

ახალციხის მერიამ მეათე დღეს გვიპასუხა, თუმცა არასრული ინფორმაცია მოგვაწოდა. თვითმმართველობაში არ განმარტეს, თანამშრომლები რამდენი დღით გავიდნენ შვებულებაში.

„ჩვენ გამოვაგზავნეთ ინფორმაცია, თუ არ არის ჩაშლილად მოწოდებული, შეგიძლიათ ხელმეორედ გამოგვიგზავნოთ წერილი, მაგრამ ვერ შეგპირდებით, რომ მისი პასუხი იქნება ორ დღეში, შეიძლება იყოს ოთხ დღეში“, – განგვიცხადეს მერიაში.

„სამხრეთის კარიბჭე“ მერის მოადგილეს, ალექსი ზედგინიძეს დაუკავშირდა, თვითმმართველობიდან მოწოდებული ინფორმაციით იგი 1–დან რვა სექტემბრის პერიოდში შვებულებით სარგებლობდა. იგი ირწმუნება, რომ სექტემბერში შვებულებაში არ ყოფილა.

„ახლა არ ვარ შვებულებაში, ვსარგებლობდი წინა თვეში, ზუსტად არ მახსოვს რა პერიოდით ვიყავი“, – ამბობს ალექსი ზედგინიძე.

საიას იურისტის გორის ოფისის ხელმძღვანელის, ქეთი ბებიაშვილის განმარტებით, წინა საარჩევნო პერიოდში, მერიის თანამშრომლების შვებულებაში მასობრივი გასვლა აჩენს ეჭვს, რომ ისინი საარჩევნო კამპანიაში არიან ჩართულები.

„ეს შეიძლება იყოს მოაზრებული როგორც ადმინისტრაციული რესურსის გამოყენება წინა საარჩევნო პერიოდში სამწუხაროდ ამასთან დაკავშირებით რაიმე სახის რეგულაცია ამ ეტაპზე არ არსებობს, ეს არის ის მანკიერება, რომლის გამოყენების უფლებას სამწუხაროდ დღევანდელი საარჩევნო კოდექსი იძლევა“, – განმარტა მან.

იურისტი კითხულობს, თუ ერთ კვირაში 25 თანამშრომლის შვებულებაში გასვლა არ აფერხებს მერიის მუშაობას და ამ საქმეს სხვები ითავსებენ, მაშინ რა საჭიროა ამდენი თანამშრომელი თვითმმართველობაში: „თუ მისი სამუშაოს შესრულება სხვას შეუძლია, არ ფერხდება მოქალაქეების მიღება და. ა.შ მაშინ რატომ არის მათი არსებობა საჭირო?, ესეც გასარკვევია“.

ახალციხის მერიამ ამ საკითხზეც პასუხის გაცემა წერილობით მოითხოვა: “მოგვწერეთ რაც გაინტერესებთ და გიპასუხებთ”.

შვებულებაში გასული თანამშრომლების სია: