ახალციხის მერიამ გზის სარეაბილიტაციოდ გამოცხადებული ტენდერი არასწორად ატვირთული დოკუმენტაციის გამო შეწყვიტა

288

ახალციხის მუნიციპალიტეტის მერიამ, სოფელ ანდრიაწმინდაში, საავტომობილო გზის 1,23 კმ სიგრძის მონაკვეთზე ბეტონის საფარის დასაგებად გამოცხადებული 573 412 ლარის ღირებულების ტენდერი შეწყვიტა. მერიის განმარტებით, სატენდერო დოკუმენტაცია არასწორად იქნა ატვირთული, კერძოდ კი სამუშაოების შესრულების განფასება. ინფორმაციას სამხრეთის კარიბჭე ავრცელებს.

ანდრიაწმინდის გზის ნაწილის რეაბილიტაციის ტენდერი  თავდაპირველად 28 ოქტომბერს გამოცხადდა. მერიის სატენდერო კომისიამ, მათ მიერ განმარტებულ ხარვეზის აღმოსაფხვრელად სხდომა 1 ნოემბერს გამართა, სადაც ტენდერის შეწყვეტის გადაწყვეტილება მიიღეს, რადგან ის დაგეგმილზე 135 157 ლარით ძვირად იყო გამოცხადებული.

„ელექტრონული ტენდერის გამოცხადებისას მოხდა ტექნიკური ხარვეზი, კერძოდ, აღნიშნული ელექტრონული ტენდერის ერთიან ელექტრონულ სისტემაში არასწორად იქნა ატვირთული ტექნიკური დოკუმენტაცია სამუშოების შესრულების განფასება. იმის გათვალისწინებით, რომ ელექტრონულ ტენდერზე დანართის კორექტირება იწვევს აღნიშნული ტენდერის არსებით ცვლილებას, სატენდერო კომისიის აპარატის მიერ ვერ მოხდება კორექტირების შეტანა სატენდერო დოკუმენტაციაში. აღნიშნულიდან გამომდინარე საჭიროა ელექტრონული ტენდერის პროცედურის შეწყვეტა“,–ვკითხულობთ სხდომის ოქმში.

3 ნოემბერს ჩატარებული სხდომით, სატენდერო კომისიის გადაწყვეტილებით, ახალი ტენდერი 4 ნოემბერს, 438 255 ლარზე გამოცხადდა. წინადადებების მიღება 20 ნოემბერს იწყება და 25 ნოემბერს მთავრდება.

სახელმწიფო შესყიდვების გვერდზე არსებული ინფორმაციით, ტენდერში გამარჯვებულ კომპანიას სამუშაოების შესრულება ხელშეკრულების გაფორმებიდან 16 კვირაში მოუწევს.