ახალქალაქის საკრებულოს თავმჯდომარე აცხადებს, რომ დეპუტატებს მერიის სამსახურების მიერ შესრულებული სამუშაოები არ მოსწონთ. მათი თქმით, ხარვეზებით სრულდება „სოფლის მხარდაჭერის პროგრამის“ პროექტები, სატენდერო დოკუმენტებში მითითებული მცირე თანხების და შეცდომების გამო, კი კომპანიები მონაწილეობას არ ღებულობენ. ინფორმაციას სამხრეთის კარიბჭე ავრცელებს.
საკრებულოს დეპუტატების მოთხოვნით, მერიის სამსახურის უფროსებთან და სხვა თანამშრომლებთან შეხვედრა დღეს, 21 სექტემბერს გაიმართა.
„დეპუტატები ჩივიან, რომ “სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში“ სამუშაოები სათანადოდ არ შესრულებულა. შეხვედრას ესწრებოდნენ საკრებულოს თავმჯდომარე ნაირი ირიციანი და მერის მოადგილე შალვა ბალახაძე. მუნიციპალიტეტის წარმომადგენლებმა აღიარეს თავიანთი ხარვეზები და დაპირდნენ, რომ ყველაფერი გამოსწორებული იქნება“, – ნათქვამია ახალქალაქის საკრებულოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
საკრებულოს თავმჯდომარის, ნაირი ირიციანის განმარტებით, ხარვეზებიან პროექტებზე საუბრობენ სოფლების, გოგაშენის, გომანის და სულდას დეპუტატები.
„კერძოდ საკრებულოს წევრი აშოტ საჰარიანი გოგაშენში მიმდინარე წყლის პროექტზე საუბრობდა, სულდას დეპუტატი დადეშის ხიდის რეაბილიტაციაზე. გომანის დეპუტატიც ამბობდა, რომ პროექტში ხარვეზებია და უნდა შესწორდეს“, – განაცხადა ირიციანმა.
გოგაშენის დეპუტატი კობა გოხაძე ფიქრობს, რომ მუნიციპალიტეტის მიერ გამოცხადებულ ტენდერებში კომპანიები მონაწილეობას მცირე თანხის გამო არ ღებულობენ.
„ჩემთან პროექტში დარღვევა არ არის, უბრალოდ ტენდერში ცოტა თანხაა მითითებული და მონაწილე არ ჰყავს“, – გვითხრა გოხაძემ.
„სამხრეთის კარიბჭესთან“ მერიის მხრიდან დაშვებულ შეცდომებს ადასტურებს შალვა ბალახაძე, თუმცა კონკრეტულად რომელ პროექტში და რა ხარვეზია, არ ამბობს: „პროექტების მოცულობაში იყო შეცდომები, უკვე შევასწორეთ“.
ახალქალაქის მერიის შესრულებულ სამუშაოებზე უკმაყოფილება დეპუტატებმა პირველად, 18 სექტემბრის საკრებულოს სხდომაზე გამოთქვეს, ამ დღესვე გადაწყდა, რომ ისინი პრობლემებზე სასაუბროდ მერიის თანამშრომლებს შეხვდებოდნენ.