ჭიათურის მოსახლეობა გაუმჯობესებული წყალმომარაგებით ისარგებლებს

667

ჭიათურის წყალმომარაგების სისტემის რეაბილიტაცია მიმდინარე წლის სექტემბერში დაიწყება. საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის ინფორმაციით, კომპანიის დირექტორმა გიორგი კობერიძემ და ტენდერში გამარჯვებული აზერბაიჯანული კომპანია Akkord-ის წარმომადგენელმა ჭიათურის წყალმომარაგების სისტემის რეაბილიტაციის პროექტის ხელშეკრულებას ხელი მოაწერეს.

მათივე ცნობით, პროექტი ითვალისწინებს სათავე ნაგებობის, მაგისტრალური ხაზების, გამანაწილებელი ქსელის და საქლორატოროს მოწყობას, ასევე, სატუმბი სადგურების და რეზერვუარების მშენებლობა-რეაბილიტაციას.

”პროექტს აზიის განვითარების ბანკი (ADB) აფინანსებს და ის 36 მილიონი ლარი ჯდება. სამუშაოების დასრულების შემდეგ ჭიათურის მოსახლეობა, რომელსაც წყალი დღემდე სხვადასხვა გრაფიკით მიეწოდება, 24 საათიანი წყალმომარაგებით ისარგებლებს. უწყვეტი, ხარისხიანი წყალმომარაგება ადგილობრივი მოსახლეობის საცხოვრებელ პირობებს გააუმჯობესებს. პროექტის დასრულება 2019 წლის პირველ კვარტალში იგეგმება.

სამუშაოებს აზერბაიჯანული კომპანია Akkord შეასრულებს, რომელსაც ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელების მხრივ მრავალწლიანი გამოცდილება აქვს და სამხრეთ კავკასიაში ამ მიმართულებით ლიდერობს. კომპანია არაერთ მნიშვნელოვან პროექტზე მუშაობს თურქეთში, აზერბაიჯანში, ყაზახეთსა და უზბეკეთში”, – აცხადებენ კომპანიაში.