ახალქალაქის 8 სოფელში მცირე ბიბლიოთეკები მოეწყო

367

ახალქალაქის მუნიციპალიტეტის რვა სოფელში, საგანმანათლებლო მოძრაობა „ეკვილიბრიუმის“ ფარგლებში, ქართული წიგნების მცირე ბიბლიოთეკები მოეწყო. ამის შესახებ სამხრეთის კარიბჭე წერს. 

19-20 სექტემბერს ეროვნული ბიბლიოთეკის გენერალური დირექტორი, გიორგი კეკელიძე და მოძრაობა „ეკვილიბრიუმის“ წარმომადგენლები ახალქალაქის სოფლებში: დიდ სამსარში, პატარა სამსარში, კარწახში, სულდაში, ბოზალში, დადეშში, მერენიასა და იხტილაში იმყოფებოდნენ.

დასახლებებში არსებულ სკოლებში მათ მცირე ქართული ბიბლიოთეკები მოაწყეს.

საგანმანათლებლო მოძრაობა „ეკვილიბრიუმის“ ფარგლებში ქართული წიგნები ეტაპობრივად ჩააქვთ ახალქალაქის სხვადასხვა სოფელში.

რეგიონში, ეკვილიბრიუმი „სკვერის ბიბლიოთეკებს“ ე. წ. მინი-ბიბლიოთეკებს აწყობს, სადაც განთავსებული წიგნებით, ნებისმიერი მსურველი ისარგებლებს. მოქალაქეებს შეუძლიათ მათთვის სასურველი წიგნი წაიღონ და შემდეგ უკან დააბრუნონ, სურვილის შემთხვევაში ახალი წიგნიც დატოვონ. ამგვარი მოდელი მსოფლიოს წარმატებულ ქვეყნებშია გავრცელებული.