„საქართველოს მთავრობის მიერ დამტკიცებული „საქართველოს წიაღის სექტორის სტრატეგია“ არ არის დაინტერესებულ მხარეთა მონაწილეობით მიღებული სახელმწიფო პოლიტიკა; ამდენად, ის უნდა გაუქმდეს“, – აღნიშნულია „მწვანე ალტერნატივას“ მიერ მომზადებულ ნაშრომში, რომელიც საქართველოს სამთომოპოვებითი მრეწველობის სახელმწიფო პოლიტიკის შემუშავების პირველ მცდელობას აფასებს.
„საქართველოში წიაღის სექტორის განვითარების დაგეგმვის ლაბირინთები“ ორგანიზაციამ ახლახან გამოაქვეყნა. დოკუმენტი მიმოიხილავს პროცესს, რომელიც სახელმწიფო პოლიტიკის შემუშავებით დაიწყო და პოლიტიკის ნაცვლად, სტრატეგიის მიღებით დასრულდა. ანგარიშში ყურადღებაა გამახვილებული წიაღის სექტორში ტრადიციულ გაუმჭვირვალობაზე და სახელმწიფო პოლიტიკის განმსაზღვრელი დოკუმენტის შემუშავების პროცესის დახურულობაზე.
„სამთომოპოვებით სექტორთან დაკავშირებული გადაწყვეტილებები – კანონები, კანონქვემდებარე აქტები, თუ სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების ლიცენზიები – ყველა ასეთი გადაწყვეტილება დღემდე მიიღება დაინტერესებული საზოგადოების, იმ ადამიანებისა და თემების მონაწილეობის გარეშე, რომელთა საარსებო გარემოზე ახდენენ ისინი ზეგავლენას. იმედი გვქონდა, რომ დარგში სახელმწიფო პოლიტიკის განმსაზღვრელი პირველი დოკუმენტის შემუშავების პროცესი საზოგადოების მონაწილეობის გარეშე არ ჩაივლიდა. სამწუხაროდ, ეს ასე არ მოხდა.
„პოლიტიკის შემუშავების პროცესის ფინანსური და ტექნიკური მხარდამჭერის – ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის (EBRD) ჩართულობამ არ უზრუნველყო ქვეყანაში არსებულზე მაღალი სტანდარტის გამოყენება. EBRD-იმ არ უზრუნველყო საზოგადოების მონაწილეობის პროცესის წარმართვა საკუთარი სტანდარტების მიხედვით, რომელიც თავის მხრივ, ორჰუსის კონვენციას ეყრდნობა. პროცესი იმაზე ცუდად წარიმართა, ვიდრე წარმოგვედგინა“, – ამბობს ქეთი გუჯარაიძე, „მწვანე ალტერნატივას“ ანალიტიკოსი და ანგარიშის ავტორი.
ანგარიშის დასასრულს გამოთქმულია მოსაზრებები ინტერესთა კონფლიქტთან დაკავშირებული საფრთხეების შესახებ; ასეთი საფრთხეები იქმნება წიაღის ეროვნული სააგენტოს ყოფილი უფროსის იმავე სფეროში, კერძო სექტორში გადასვლისა და კვლავ EBRD-ის მხარდაჭერით, წიაღის სექტორის მარეგულირებელი ახალი კანონმდებლობის შექმნაში მისი შესაძლო ჩართულობის გამო.
ანგარიში სრულად იხილეთ აქ.