ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ ვარევანში აცხადებენ, რომ ბოლო ორი თვეა სოფელს სასმელი წყალი არ აქვს, 120 ოჯახი წყალს სოფლის ერთადერთი წყაროდან ეზიდება. ამის შესახებ სამხრეთის კარიბჭე წერს.
ადგილობრივების განცხადებით, ხელისუფლება წლებია პირდება, თუმცა, სოფელში პრობლემა ჯერ ისევ არ არის მოგვარებული.
„ყოველდღიურად 200 მეტრის გავლა გვიწევს. ყველას ხომ არ შეუძლია ამხელა მანძილიდან წყალი ზიდოს? ორი წელია გვპირდება ენზელ მკოიანი, მილიონი დაიხარჯა, მაგრამ წყალი ჩვენამდე მაინც ვერ მოვიდა“, – ამბობს ადგილობრივი უშანგი მელიქიძე.
ამავე სოფელში მცხოვრები რიმა სიმონიანის თქმით, ეზოსა და ყანებში უწყლობის გამო ნათესები გაუხმათ: „სახლის ეზოში გამხმარია ყველაფერი, ყანებზე აღარ მაქვს საუბარი. სარწყავი არ არის და სასმელი წყალი მაინც იყოს. წყაროდან მოტანა უკვე აღარ შეგვიძლია“.
ადგილობრივების განცხადებით, მერის წარმომადგენელმა განმარტა, რომ სოფელს წყალი 2020 წლის ბოლოსთვის ექნება.
„წლის ბოლოს რაღად მინდა წყალი, ნათესებს ვერ ვრწყავთ, საქონელი იხოცება“, – ამბობს ვარევანის მკვიდრი მარტინ მკრტჩიანი.
ახალქალაქის მერიამ სოფელ ვარევანში წყლის პრობლემის მოგვარების მიზნით ტენდერი გაზაფხულზე გამოაცხადა. სამუშაოებს გამარჯვებული კომპანია შპს „უნივერსალ ჯორჯია 2008“ 654 321 ლარად შეასრულებს.
ხელშეკრულებაში ცვლილება სამჯერ შევიდა, ბოლო რედაქციით სამუშაოები 30 ნოემბერს უნდა დასრულდეს.
სოფელში მერის წარმომადგენელი, მიშა სტეფანიანის თქმით, სამუშაოები დროებით შეჩერებულია, რადგან ტერიტორიაზე, სადაც მილები უდა გაიყვანონ, ნათესებია.
„წყლის პრობლემის მოგვარება უკვე დაწყებულია. მილები სოფელ იხტილამდე მიიყვანეს, ამ ეტაპზე სამუშაოები შეჩერებულია, რადგან ყანებში ნათესებია. წყალი სამსარის მთიდან მოგვყავს. კარტოფილს, რომ ამოიღებენ სამუშაოები გაგრძელდება“, – ამბობს სტეფანიანი.