ხაშურში წყლისა და წყალარინების სისტემის მშენებლობა 2021 წელს დაანონსდა. ადგილობრივმა ხელისუფლებამ აღნიშნული პროექტი წინასაარჩევნო დაპირებებშიც შეიტანა. მოსახლეობა ამბობს, რომ არჩევნების შემდეგ დაპირება, დაპირებად დარჩა და ამ დრომდე წყლის პრობლემა მოუგვარებელია. ამის შესახებ მოზაიკა ნიუსი წერს.
“წინასაარჩევნო შეხვედრებზე, რომ დადიოდნენ კანდიდატები ყოფილებთან ერთად, მეტი დამაჯერებლობისთვის, პირველი თემა იწყებოდა დაპირებით, რომ ხაშურში 24 საათიანი წყალმომარაგება იქნებაო და სიხარულით ვრეკავდით ახლობლებთან, რომ გეგმა ასეთია და მალე წყალი გექნებათ-თქო, მაგრამ სამწუხაროდ ჯერაც უწყლოდაა ხაშური”, – ამბობს ერთ-ერთი მოქალაქე, რუსუდან ადამია.
“მეორეჯერ თუ მესამეჯერ მოტყუებას ცდილობენ, ამასობაში გავიდა ცხოვრება უწყლოდ, გზების გარეშე. სოფლებში არაა ასეთი მდგომარეობა, როგორც ხაშურში, არადა ქალაქში ვცხოვრობთ ვითომ”, – ამბობს გიორგი გიოშვილი.
დაპირების შეუსრულებლობაში დაადანაშაულა ადგილობრივი ხელისუფლება ოპოზიციამაც. ხაშურის საკრებულოს წევრმა, პარტიიდან “საქართველოსთვის” შოთა კურტანიძემ განაცხადა, რომ აღნიშნული საკითხი არაერთხელ გააჟღერა საკრებულოს სხდომებზე, თუმცა მმართველი პარტიის წარმომადგენლებისგან პასუხი ვერ მიიღო.
“საკრებულოს სხდომაზე დავუსვი კითხვა მმართველი პარტიის წევრებს და მათ შორის სხდომაზე მყოფ მერიის წარმომადგენლებს. რა იცოდნენ ან რა ინფორმაციას ფლობდნენ წყლის პროექტის განხორციელებასთან დაკავშირებით, რომელიც მთავარ დაპირებას წარმოადგენდა წინა საარჩევნოდ. არცერთი წევრი არ ფლობდა ინფორმაციას. რაც, რბილად რომ ვთქვათ, უხერხულია ჩვენი მოსახლეობის წინაშე”, – განაცხადა შოთა კურტანიძემ.
როდის დაიწყება და დასრულდება ხაშურში წყლის სისტემის რეაბილიტაცია, ამ კითხვით ხაშურის საკრებულოს თავმჯდომარემ წერილობით მიმართა წყალმომარაგების კომპანიას. კომპანიაში განმარტავენ, რომ ამჟამად, მიმდინარეობს ხაშურის წყალმომარაგების და წყალარინების პროექტით გათვალისწინებული ხაშურის წყლის მაგისტრალური მილსადენისა და გამანაწილებელი ქსელის რეკონსტრუქციის სამუშაოების საერთაშორისო შესყიდვის პროცედურები.
“პროცედურების დასრულების შემდეგ, გამარჯვებულ კომპანიასთან ხელშეკრულება გაფორმდება და სამუშაოები 2022 წლის მე-3 კვარტალში დაიწყება და 2026 წელს დასრულდება”, – ამბობენ წყალმომარაგების კომპანიაში.
კომპანიის ცნობით, სამუშაოები მოიცავს ხაშურის, სოფელ ცხრამუხისა და ოსიაურის წყალმომარაგების სრულ რეაბილიტაციას. წყალარინების რეაბილიტაცია საწყის ეტაპზე, განხორციელდება მხოლოდ, ქალაქ ხაშურში და ის მოიცავს ქალაქის გარკვეულ მონაკვეთს.
ინფორმაციისთვის, ხაშურში წყლის სისტემის რეაბილიტაცია 2021 წელს დაანონსდა. წყლისა და წყალარინების სისტემის რეაბილიტაციისთვის 66 მილიონი ევრო უნდა დახარჯულიყო, წყლის პრობლემა კი 35 000 -მდე ადამიანს მოუგვარდებოდა.