დედოფლისწყაროს სოფლების – ზემო მაჩხაანისა და მირზაანის მოსახლეობას უწყვეტი წყალმომარაგება ექნება

427

საქართველოს რეგიონებში მოსახლეობის უწყვეტი წყალმომარაგებისთვის დაგეგმილი პროექტების განხორციელება აქტიურად გრძელდება.

გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის ინფორმაციით, გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიამ ტენდერი გამოაცხადა დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის სოფლების – ზემო მაჩხაანისა და მირზაანის წყალმომარაგების სისტემების რეაბილიტაციის პროექტირება-მშენებლობაზე.

წყალმომარაგების კომპანიის ცნობით, ტენდერში მონაწილეობისთვის წინადადებების წარდგენის ვადა 1 ოქტომბერს სრულდება. სამუშაოების სავარაუდო ღირებულება 2,5 მილიონ ლარზე მეტია. გამარჯვებულმა კომპანიამ სამუშაოები ხელშეკრულების გაფორმებიდან 14 თვეში უნდა დაასრულოს.

როგორც კომპანიაში აცხადებენ, დღეის მდგომარეობით, წყლის დებიტის სიმცირის გამო, ორივე სოფლის მოსახლეობას წყალი სამ დღეში ერთხელ – 2 საათით მიეწოდება.

დაგეგმილი პროექტის ფარგლებში მოეწყობა წყლის ახალი სათავე ნაგებობები, ჭაბურღილი, სატუმბო სადგური. რეაბილიტაცია ჩაუტარდება არსებულ სატუმბო სადგურის და რეზერვუარს. გამრიცხველიანდება მოსახლეობა.

დაგეგმილი სამუშაოების დასრულების შემდეგ ორივე სოფლის მოსახლეობას ათწლეულების განმავლობაში არსებული პრობლემა მოუგვარდება და 4 700 ადამიანს უწყვეტი წყალმომარაგება ექნება.