დედოფლისწყაროში ალოობა უკვე აქტიურ ფაზაშია. მოსახლეობისა და ოპოზიციის ნაწილი ტექნიკის სიმცირეზე საუბრობს და აცხადებს, რომ ამის გამო ქერის მოსავალი ნადგურდება. ინფორმაციას სპექტრი ავრცელებს.
„ძალინ მცირე რაოდენობაა კომბაინების. რომ ამბობენ ბევრი კომბაინი გვყავსო, ტყუილია, 200 და 250 კომბაინი აქ არავის უნახავს. თვითონ „მექანიზატორში“ მითხრეს, 13 კომბაინია რემონტშიო, როგორ შეიძლება ამ დროს 13 იყოს რემონტში? არ დაფიქრებულა არავინ იმაზე, რომ ალოობას მომზადებული შეხვედროდა. ქერი მოწყვლადი პროდუქტია, აღარ იჭერს სიცხეში თავს და ცვივდება ნაკვეთში. ისე უნდა იყოს დარეგულირებული საკითხი, რომ კომბაინი ჯერ წაიყვანოს იმან, ვისაც ქერი აქვს და მერე – ვისაც ხორბალი. ხორბალს არავითარი პრობლემა არ ექმნება. მაგრამ არა, ჯერ ბობოლებს მიჰყავთ ტექნიკა და ერთიანაირად იღებენ ორივეს. ჩვენი მერი უნდა იყოს ადგილზე და ის აკონტროლებდეს ამ ყველაფერს. ქერის მოსავალი ნადგურდება, მოსახლეობის 50%-ს მოსავალი გაუნახევრდა. ვისაც დავუშვათ 5-5 ტონა უნდა აეღოთ, 2-2 ტონას აიღებენ. გამოიყვანონ ტექნიკა ხორბლის ყანებიდან და მიაშველონ მათ, ვისაც ქერი აქვს ასაღები,“- აცხადებს speqtrige-სთან „გირჩი- მეტი თავისუფლება“-ს წევრი გიორგი რობიტაშვილი, რომელსაც ქერი თავადაც აქვს მოყვანილი 5 ჰექტარ ნაკვეთში.
დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის მერი ნიკოლოზ ჯანიაშვილი კი ჩვენთან საუბარში ამბობს, რომ გიორგი რობიტაშვილის განცხადება პოპულისტურია და ტექნიკის პრობლემა არ არსებობს.
„ტყუილია ის, რომ თითქოს ნახევარი მოსავლი განადგურდა. ტექნიკა სრულად მობილიზებული იყო, ერთადერთი შეფერხება წვიმიანმა ამინდმა გამოიწვია. თითქმის ყოველდღე წვიმდა, რაც ალოობის პროცესს ძალიან აფერხებდა. ამის გამო, ალაზნისა და შირაქის ველზე ფაქტობრივად ერთდროულად მოვიდა მოსავალი, როგორც ქერის, ასევე ხორბლის, რამაც სირთულეები შექმნა გარკვეულწილად. თუმცა კომბაინების რაოდენობა საკმარისია, სოფლის მეურნეობის სამინისტრო წარმოდგენილია 40 ერთეული კომბაინით, 80 ერთეულამდე კერძო კომბაინებიც მუშაობს. „მექანიზატორის“ კომბაინები ძირითადად ქერის მოსავლის აღებაზე მუშაობს. სოფლების მიხედვითაა განაწილებული. მოსავალს მცირემიწიანი ფერმერებიც იღებენ და მსხვილმიწიანიც. ეს პოპულისტური მიდგომები ერთხელ და სამუდამოდ წარსულს უნდა ჩაბარდეს. როგორც წინა წლებში, დარწმუნებული ვარ, ახლაც არც ერთი ჰექტარი არ დარჩება აუღებელი.,“- განაცხადა ნიკოლოზ ჯანიაშვილმა.
დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის მერის ინფორმაციით, მუნიციპალიტეტის მასშტაბით ხორბალი და ქერი 42 000 ჰექტარზეა დათესილი და ჯამში 130 000 ტონამდე მოსავალს ელოდებიან.