პოლიციის დეცენტრალიზაცია, სუს-ის დაშლა – „ევროპულმა საქართველომ“, „ნაციონალურმა მოძრაობამ“, „სტრატეგია აღმაშენებელმა“, „ერთიანმა საქართველომ“ და „გირჩმა“ შეთანხმებას ხელი მოაწერეს

548

კახეთის გზატკეცილზე, შინაგან საქმეთა სამინისტროსთან ოპოზიციურმა პარტიებმა: „ევროპული საქართველო”, „ნაციონალური მოძრაობა“,  „სტრატეგია აღმაშენებელი“, „ერთიანი საქართველო“ და „გირჩი“  – სამართლის ნაწილის შესახებ შეთანხმებას ხელი მოაწერეს.

შეთანხმება NDI-ს ორგანიზებით ბორჯომში გამართული მოლაპარაკებებისას შეჯერებული საკითხების სამართლის ნაწილია და გულისხმობს – 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებში „ქართული ოცნების“ დამარცხების შემდეგ, მართლმსაჯულების სისტემის რეალური დამოუკიდებლობისა და მისდამი ნდომის გაზრდის მიზნით რიგი ფუნდამენტური რეფორმების განხორციელებას.

აღსანიშნავია, რომ ხელმოწერის და შემოერთების მსურველი პარტიებისთვის და პოლიტიკოსებისთვის ფორმატი ღიაა.

შეთანხმების ძირითადი მიმართულებები:

შინაგან საქმეთა სამინისტრო

  1. პოლიციის დეცენტრალიზაცია და შსს მინისტრისთვის საპოლიციო ფუნქციების ჩამოცილება;
  2. თვითმართველობის ფარგლებში არჩევითი შერიფების ინსტიტუტის შემოღება, სადაც შერიფი იქნება პასუხისმგებელი ყველა ტიპის დანაშაულთან ბრძოლაზე, გარდა ისეთი დანაშაულებისა, რომელთა მასშტაბიც ცდება მისი ტერიტორიული კომპეტენციის ფარგლებს;
  3. ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლის ბიუროს შექმნა.

პროკურატურა

  1. ნაკლებად მძიმე დანაშაულზე დაზარალებულისთვის უფლების მიცემა აირჩიოს მისი ინტერესების სასამართლოში დამცველი. დაზარალებულის ინტერესის დამცველი კი შეიძლება იყოს სახელმწიფო პროკურორი ან ადვოკატი, რომელიც ასეთ შემთხვევაში შეასრულებს ბრალმდებლის ფუნქციას;
  2. პროკურატურისთვის გამოძიებაზე ზედამხედველობის ფუნქციის ჩამოცილება და მხოლოდ სასამართლოში წარმომადგენლობის უფლებამოსილების დატოვება;
  3. ანტიკორუფციული პროკურატურის შექმნა.

სუს-ი

  1. სუს-ის დაშლა და მისი პოლიტიკური პოლიციის ფუნქციის გაუქმება;
  2. დამოუკიდებელი ანტიკორუფციული ბიუროს შექმნა“, – აცხადებენ ოპოზიციური პარტიები.