„ლეიბორისტული პარტიის” ცენტრალურ ოფისში ოპოზიციის წარმომადგენლები დღეს ქცევის კოდექსს მოაწერენ ხელს, რომელიც მათ მიერ არის შემუშავებული. როგორც “სტრატეგია აღმაშენებლის” ერთ-ერთმა ლიდერმა, სერგო ჩიხლაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, აღნიშნულით ოპოზიციის წარმომადგენლები სამართლიანი თამაშის წესებზე თანხმდებიან.
„დღეს არის ოპოზიციის მორიგი შეხვედრა. ბევრი პარტია დღეს ვაწერთ ხელს ქცევის კოდექსს, რომლითაც ვთანხმდებით სამართლიანი თამაშის წესებზე არჩევნების წინა პერიოდში, არჩევნების დღეს, თუმცა სამწუხაროა ის, რომ “ქართული იქნება” არ იცავს ამ ქცევის წესს და უკვე არის ძალადობის ფაქტები, მათ შორის ძალიან მნიშვნელოვანი ძალადობის ფაქტი იყო ჩვენი პარტიის წევრებზე, მათ შორის შანტაჟის, ზეწოლის, რომელშიც საპატრულო პოლიციაც კი ჩართული იყო”,-აცხადებს ჩიხლაძე.
მისი თქმით, ეს არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც ოპოზიციის დიდი ნაწილი ერთმანეთთან თანამშრომლობს.
“ხმების დათვლის მიმართულებით ჩვენ შევქმენით საერთო შტაბი, ახლა ქცევის კოდექსს ვაწერთ ხელს, რომ გამოირიცხოს ყველა ზეწოლა. ეს არის ჩვენი შიდა შეთანხმება. მოვუწოდებთ, რომ კიდევ კიდევ ბევრმა პარტიამ მოაწეროს ამას ხელი“, – აცხადებს ჩიხლაძე.
ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ 2020 წლის საქართველოს საპარლამენტო არჩევნებისათვის პარტიების ქცევის კოდექსი გაასაჯაროვა.
კოდექსის მიხედვით, პარტიები აღიარებენ სამართლიანობის პრინციპების დაცვის, დემოკრატიული დიალოგისა და ერთმანეთს შორის თანამშრომლობის მნიშვნელობას. გარდა ამისა, ისინი თანხმდებიან შემდეგზე:
- დაიცავენ ყველა პოლიტიკური პარტიის, კანდიდატისა და ამომრჩევლის უფლებებს.
- ექნებათ ღირსეული და სამართლიანი კონკურენცია.
- არ გამოიყენებენ უკანონოდ მოპოვებულ ან/და ყალბ ინფორმაციას ხვა კანდიდატების შესახებ.
- მედიასაშუალებებს არ მიაწვდიან ცილისმწამებლურ, დაუსაბუთებელ ცნობებს სხვა პოლიტიკური სუბიექტების შესახებ.
ქცევის კოდექსი არის ნებაყოფლობითი ეთიკის ნორმები, რომლის მიზანია დემოკრატიული ღირებულებებისა და ძირითადი თავისუფლებების დაცვა, პროგრამაზე ორიენტირებული კამპანიის წარმოება და საარჩევნო პროცესის მონაწილეთათვის თანაბარი პირობებით უზრუნველყოფა – ნათქვამია საარჩევნო კომისიის განცხადებაში.