ირაკლი ქადაგიშვილის საარჩევნო შტაბში „ნაცმოძრაობის“ წევრის, გიორგი ბოტკოველის, ბრალდებებს უსაფუძვლოს უწოდებენ

624

წინა სტატია

გიორგი ბოტკოველის მეუღლე ხათუნა გალდავა ცესკო- ში მუშაობს ერთ-ერთ მაღალ თანამდებობაზე. როდესაც საუბარს იწყებ სხვაზე, ჯერ უნდა დაიწყო ახლო ნათესავებით და ოჯახის წევრებით“, – ასე გამოეხმაურა თელავი-ახმეტა-ყვარელი-ლაგოდეხის მაჟორიტარულ ოლქში „ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტატობის კანდიდატის გიორგი ბოტკოველის მიერ დღეს გაკეთებულ განცხადებას „ქართული ოცნების“ კანდიდატის, ირაკლი ქადაგიშვილის საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელი პლატონ კალმახელიძე.

„დღეს, თურმე ერთ-ერთი პოლიტიკური პარტიის კანდიდატს, გიორგი ბოტკოველს გაუკეთებია განცხადება, თითქოს საარჩევნო კომისიები კომპლექტდება მერის წარმომადგენლებით, ნათესაური კავშირით და გამომდინარე აქედან, ეჭვქვეშ აყენებს, რომ კომისიების მუშაობა იქნება მიუკერძოებელი. მისი მეუღლე ხათუნა გალდავა ცესკო-ში ერთ-ერთ მაღალ თანამდებობაზე მუშაობს. მინდა, გიორგის კითხვა დავუსვა, მისი მეუღლე ამ პროცესში არის მიუკერძოებელი? როდესაც საუბარს იწყებს სხვაზე, ჯერ უნდა დაიწყოს თავისი ახლო ნათესავებით და ოჯახის წევრებით“, – განაცხადა კალმახელიძემ.

პლატონ კალმახელიძე პროცესში ხელისუფლების რამე სახის მონაწილეობას გამორიცხავს და მისთვის ოპოზიციონერის ბრალდებები საფუძველს მოკლებულია.

„ბოტკოველის ეს ბრალდება მიუღებელია. პროცესი მიმდინარეობს კანონის სრული დაცვით და ასევე წარიმართება არჩევნების დღის ჩათვლით. ჩვენ მოვიპოვებთ დამაჯერებელ გამარჯვებას“, – განაცხადა კალმახელიძემ.

„ნაციონალური მოძრაობის“ მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა ახმეტა, თელავი, ყვარელი, ლაგოდეხის საარჩევნო ოლქში გიორგი ბოტკოველმა, დღეს ხელისუფლება და სუს-ი საარჩევნო ოლქების დაკომპლექტების პროცესში საჯარო მოხელეების მონაწილეობასა და ადმინისტრაციული რესურსის ჩართულობაში დაადანაშაულა.