თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის მოსახლეობის წყალმომარაგებით უზრუნველყოფის მიზნით, სოფელ ჯორჯიაშვილსა და ბოგვში პროექტი ხორციელდება, მიმდინარე მასშტაბური სამუშაოების შედეგად, ორი სოფლის 1500-მდე მცხოვრები 24 – საათიანი წყალმომარაგებით ისარგებლებს.
ქვემო ქართლის სამხარეო ადმინისტრაციის ცნობით, სამუშაოები რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან დაფინანსდა და მისი ღირებულება 2 466 323 ლარს შეადგენს, პროექტის ფარგლებში უკვე მოეწყო ცენტრალური მაგისტრალი და შიდა ქსელები, ასევე დამონტაჟდა მრიცხველები, ამ ეტაპზე მიმდინარეობს წყლის დრენაჟის, საქაჩი საქლორატორო ნაგებობების და რეზერვუარის სამშენებლო სამუშაოები.
თეთრიწყააროს მუნიციპალიტეტში სამუშაოების მიმდინარეობას, ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებული შოთა რეხვიაშვილი, მოადგილესთან და ადგილობრივი თვითმმართველობის ხელმძღვანელ პირებთან ერთად გაეცნო.
„ჩვენ ახლა ჯორჯიაშვილი-ბოგვის მასშტაბური პროექტის მიმდინარეობას ვადევნებთ თვალს, ეს არის 2 მილიონ ნახევარი ლარის ღირებულების ინფრასტრუქტურული პროექტი, რომელიც ითვალისწინებს სატუმბი სადგურების, საქლორატოროს და რეზერვუარების აშენებას. ეს 1500 ბენეფიციარზე გათვლილი პროექტია და ოქტომბრის ბოლოს მოსახლეობა ხარისხიან სასმელ წყალს 24 საათის განმავლობაში მიიღებს, რაც ძალიან მნიშვნელოვანი წინ გადადგმული ნაბიჯია სოფლისთვის“, – განაცხადა შოთა რეხვიაშვილმა.
მათივე ინფორმაციით, მასშტაბური სამუშაოები მიმდინარეობს ასევე სასოფლო-სამეურნეო მიწის ფართობებზე სარწყავი წყლის მიწოდების გასაუმჯობესებლად. საქართველოს სამელიორაციო კომპანია შესაბამისი ინფრასტრუქტურის მოწესრიგების მიზნით, ალგეთის წყალსაცავის სარეაბილიტაციო სამუშაოებს ახორციელებს.1 მილიონ ლარამდე ღირებულების პროექტი, წყლის დონის საზომი სისტემების, მეტეოროლოგიური სადგურის, ნაგავდამჭერის მოწყობას ასევე, ქვედა ბიეფში წყალსატარის სარქველების რემონტს, საცემენტაციო გვირაბის გაწმენდასა და დაშრობას ითვალისწინებს.
ცნობისთვის, 2020 წელს მთელი ქვეყნის მასშტაბით კლიმატის ცვლილების შედეგად, მნიშვნელოვნად შემცირდა წყლის დებეტი, რის გამოც მოსახლეობას სარწყავი წყალი სპეციალურად შედგენილი გრაფიკით მიეწოდებოდა. ზემოთ აღნიშნული სამუშაოების შედეგად კი, ქვემო ქართლში ათასობით ჰექტარ სასოფლო-სამეურნეო მიწის ფართობზე სარწყავი წყლის მიწოდება მნიშვნელოვნად გაუმჯობესდება.