ბოკუჩავა: 73-დან 42 ოლქში ცესკომ „ოცნების“ აქტივისტები აირჩია, ეს არის პირადად თამარ ჟვანიას პასუხისმგებლობა

454

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერის თინა ბოკუჩავას განცხადებით, 73-დან 42 საარჩევნო ოლქში ცესკოს მიერ არჩეული საოლქო კომისიების დამოუკიდებელი წევრები „ქართული ოცნების“ აქტივისტები არიან. როგორც თინა ბოკუჩავამ ხმების დაცვის ინტერპარტიული სამუშაო ჯგუფის შეხვედრის დასრულების შემდეგ განაცხადა, ცესკოს მიერ საოლქო კომისიების დამოუკიდებელ წევრებად „ქართული ოცნების“ აქტივისტების არჩევა უკანონობაა.

„დღევანდელი მუშაობის შედეგად, ჩვენ დავადგინეთ, რომ 73-დან 42 ოლქში ცესკომ ნაცვლად პროფესიონალი კადრებისა აირჩია „ქართული ოცნების“ აქტივისტები და ბიუროკრატები, ეს, რა თქმა უნდა, არის უკანონობა, ეწინააღმდეგება მათ შორის ეუთო/ოდირის რეკომენდაციებს. ჩვენ მოვუწოდებთ თითოეულ ამ ადამიანს – ნუ გახდებიან ამ უკანონობის თანამონაწილეები. მაგალითად მოვიყვან, შორენა ხორბალაძეს, რომელიც პარლამენტის აპარატის თანამშრომელია, მისი მეუღლე კი ზესტაფონის მერიაში მუშაობს. ასევე, არის მაია თაბუკაშვილი, რომელიც დმანისის ოლქში აირჩიეს და „ქართული ოცნების“ კანდიდატ რამაზ ბუდაღაშვილთან დაახლოებული პირია. კიდევ ერთი მაგალითი გვაქვს, მზიური შავაძე, რომელიც ქედის მუნიციპალიტეტში აირჩიეს, ის არის ბათუმის საოლქო კომისიის თავმჯდომარის და. ამგვარი კონკრეტული მასალებია, რომელიც ადასტურებს მათ ძალიან მჭიდრო კავშირებს „ქართულ იცნებასთან“. რა თქმა უნდა, ეს არის პირადად თამარ ჟვანიას პასუხისმგებლობა, იმიტომ რომ ის ხელმძღვანელობს ამ უკანონობას. ამ პროცესის შეჩერება აღარ შეიძლება, იმიტომ რომ ეს ადამიანები არჩეულები არიან, თუმცა, კიდევ ერთხელ, ჩვენ გვინდა მოვუწოდოთ ამ ადამიანებს კანონის შესაბამისად იმოქმედონ, სხვაგვარად მათ პასუხისგება მოუწევთ არჩევნების შემდეგ, რომელიც აუცილებლად გამოიწვევს ხელისუფლების ცვლილებას, ხელისუფლების მშვიდობიან გადაბარებას, დღეს ოპოზიციაშ მყოფი ძალების გამარჯვებას. ჩვენ ამ ინფორმაციას საერთაშორისო ორგანიზაციებს და არასამთავრობო ორგანიზაციებს მივაწვდით, დარწმუნებული ვარ, ისინი უმკაცრესად მოახდნენ რეაგირებას. საერთაშორისო საზოგადოებას აქვს ზეწოლის სერიოზული ბერკეტები, მათ შორის, არამხოლოდ „ქართული ოცნების“ სხვადასხვა წარმომადგენლებზე, არამედ თავად თამარ ჟვანიაზე. მან ძალიან კარგად უნდა იცოდეს, რომ როდესაც „ქართული ოცნების“ ხელისუფლება დასრულდება, მისი კარიერაც არ დასრულდეს, როგორც მინიმუმ ამასთან ერთად. ჩემი აზრით, ამის გარანტია უკვე მიღებული აქვს გამომდინარე იმ უამრავი უკანონობიდან, რაც ჩაიდინა. შესაძლოა, უფრო ცუდად დაასრულოს “, – განაცხადა თინა ბოკუჩავამ.