8 სექტემბერს ახალციხის მერიამ გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოებასთან მემორანდუმი გააფორმა. GIZ–ი რუსთაველის ქუჩაზე, ყოფილ სამხედრო ბაზაზე მდებარე ავარიული შენობების დემონტაჟს დააფინანსებს. ადგილობრივი თვითმმართელობა აღნიშნულ ტერიტორიაზე რეკრეაციული ზონის მოწყობას გეგმავს. ამის შესახებ სამხრეთის კარიბჭე წერს.
შეხვედრა სამცხე-ჯავახეთის სამხარეო ადმინისტრაციაში გაიმართა. მემორანდუმს ხელი ახალციხის მერმა, ზაზა მელიქიძემ და გიზ-ის „კარგი მმართველობა ადგილობრივი განვითარებისთვის“ პროგრამის ხელმძღვანელმა, კრისტოფ ბაიერმა მოაწერეს.
ახალციხის მერიის განცხადებით, მემორანდუმი ითვალისწინებს „კონცეფციის შემუშავებას მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ყოფილი სამხედრო ბაზის ტერიტორიის გარდასაქმნელად, აღნიშნულ ტერიტორიაზე არსებული ავარიული შენობა-ნაგებობების დემონტაჟისთვის მუნიციპალიტეტისთვის საგრანტო დახმარების გაწევასა და თემატური სამუშაო შეხვედრების ორგანიზებას“.
რუსთაველის ქუჩაზე, ყოფილი სამხედრო დასახლების ნაწილი, სადაც 1990–იან წლებში კლუბის და სასადილოს შენობები იყო განთავსებული, ახალციხის მერიას 2018 წელს გადაეცა.
აქ რამდემინე შენობის რეაბილიტაცია და ახლების მშენებლობაა დაგეგმილი.
„აღნიშნულ ტერიტორიაზე 180 ბავშვზე გათვლილი ახალი საბავშვო ბაღის მშენებლობა იგეგმება, ტენდერი უკვე გამოცხადებულია, მუნიციპალური განვითარების ფონდი გვეხმარება. აღნიშნულ ტერიტორიაზე ოთხი სპორტული დარბაზი განთავსდება თავისი აღჭურვილობით და ინფრასტრუქტურით. ასევე იქნება ახალგაზრდული ცენტრი, ბიბლიოთეკა, კინოთეატრი, კულტურის სახლი და სკვერი“, – განაცხადა ახალციხის მერმა ზაზა მელიქიძემ.
მისივე განმარტებით, დანარჩენ ტერიტორიაზე, მეორე ეტაპისთვის გაკეთდება სპორტული მოედნები, საფეხმავლო ბილიკები, ბავშვების გასართობი სივრცე და.ა.აშ.