ქობულეთში საოჯახო სასტუმროების მფლობელებმა რამდენიმე წუთით გზა გადაკეტეს. ამბობენ, რომ ხელისუფლებისათვის მიცემული ვადა დღეს ამოიწურა. ისინი ბანკებში სესხების გადავადების მოთხოვნით აქციებს პერიოდულად მართავენ და პრობლემის მოგვარებას ითხოვენ. ჰყვებიან, რომ პანდემიის ფონზე ტურისტების სიმცირე იყო და სასესხო ვალდებულებების დაფარვას ვერ ახერხებენ. ინფორმაციას აჭარის მაუწყებელი ავრცელებს.
მათი თქმით, დაპირების მიუხედავად კონკრეტული ნაბიჯები ჯერ არ გადადგმულა. აქციის მონაწილეები აჭარის საზოგადოებრივ მაუწყებელთან საუბრისას ამბობენ, რომ საბოლოო პასუხი დღეს უნდა მიეღოთ.
ამჯერად სასტუმროების მფლობელები ”ქართული ოცნების” ოფისთან შეიკრიბნენ. ისინი გიორგი გახარიასა და ეკონომიკის მინისტრთან შეხვედრას ითხოვენ.
ამ წუთებში მოქალაქეებს ქობულეთის მერის მოადგილეები ხვდებიან.
”ბანკები ყოველ დღე გვირეკავენ და გვაფრთხილებენ გადასახდის შესახებ. ზოგიერთს ჯარიმებიც კი დაგვერიცხა. ბანკში გვეუბნებიან, რომ სახელმწიფოსგან დირექტივა ჯერ არ მიუღიათ. წელს დარიცხული პროცენტი ვერ გადავიხადეთ. ვითხოვთ ძირი თანხის ერთი წლით გადავადებას და პროცენტის სრულ სუფსიდირებას,” – აცხადებს აქციის მონაწილე.
მოქალაქეები მსვლელობის გამართვას ხვალაც გეგმავენ.
ქობულეთის ვიცე-მერი ამბობს, რომ საკითხზე მუშაობა მიმდინარეობს.