„ნაციონალური მოძრაობის“ ახალციხის შტაბში აცხადებენ, რომ „ქართული ოცნების“ მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის, ანტონ ობოლაშვილის ბიძაშვილი, ქეთევან ობოლაშვილი საოლქო საარჩევნო კომისიის მეექვსე, ნეიტრალურ წევრად აირჩიეს. პარტიაში აცხადებენ, რომ ასე სამართლიანობა და ობიექტურობა ირღვევა, ამიტომ ცესკომ ობოლაშვილი დაუყოვნებლივ უნდა ჩაანაცვლოს სხვა წევრით. ამის შესახებ სამხრეთის კარიბჭე წერს.
ადიგენის სალოქო საარჩევნო კომისიის მეექვსე წევრის დანიშვნასთან დაკავშირებით, „ნაციონალური მოძრაობის“ ახალციხის შტაბში ბრიფინგი დღეს, 7 სექტემბერს გაიმართა.
„ადიგენის ოლქში მეექვსე კანდიდატად ჩასმულია ქეთევან ობოლაშვილი, რომელიც არის მაჟორიტარობის კანდიდატის, ანტონ ობოლაშვილის ალალი ბიძაშვილი, რაც არის ყოვლად მიუღებელი და ჩვენ მოვითხოვთ, რომ ჩანაცვლდეს ნამდვილად ნეიტრალური და მიუკერძოებელი კანდიდატით, რადგან ვუზრუნველყოთ გამჭვირვალე და სამართლიანი არჩევნები ჩვენს რეგიონში“, – განაცხადა პატრიის წარმომადგენელმა დავით ახალკაცმა.
მისივე თქმით, კანონი ქეთევან ობოლაშვილს პირდაპირ არ უკრძალავს საოლქო კომისიის წევრობას, თუმცა იგი საარჩევნო პროცესებში მიუკერძოებელი ვერანაირად იქნება.
„როცა ხელისუფლება გვპირდება და ქართველი ხალხის წინაშე დებს პირობას, რომ იქნება სამართლიანი 2020 წლის საპარლამენტო არჩევნები და ეს იქნება ტესტი ქართული სახელმწიფოსთვის, ეს შემთხვევა გვიჩენს იმის ეჭვს, რომ ვერანაირად იქნება ასე. ხელისუფლება ამ ტესტს ჩააბარებს იმ შემთხვევაში, თუ ამ კანდიდატს დამოუკიდებელი და მიუკერძოებელი კანდიდატით ჩაანაცვლებს“, – ამბობს პარტიის მხარდამჭერი კობა სანდროშვილი.
მათივე განმარტებით, პარტიის რეგიონული შტაბი მუშაობს იმაზეც, რომ დაადგინოს აქვთ თუ არა სხვა საარჩევნო ოლქებში მეექვსე წევრად არჩეულ კანდიდატებს ნათესაური კავშირები მაჟორიტარობის წევრებთან.