ISFED: ამომრჩეველთა სავარაუდო მოსყიდვის 17 ფაქტი გამოვლინდა

557

შემდეგი სტატია

„სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოებამ“ (ISFED) წინასაარჩევნო მონიტორინგის მესამე შუალედური ანგარიში წარადგინა.

ანგარიშის მიხედვით, ქვეყნის მასშტაბით, გამოვლინდა ამომრჩეველთა სავარაუდო მოსყიდვის 17 ფაქტი; წინასაარჩევნოდ, ამომრჩევლის ფართო მასების გულის მოსაგებად ხელისუფლების მიერ ინიცირებული 2 პროექტი; სავარაუდოდ, პოლიტიკური ნიშნით სამსახურიდან გათავისუფლების – 3; სავარაუდოდ, პოლიტიკური ნიშნით განხორციელებული ზეწოლა/მუქარის – 4; სავარაუდოდ, პოლიტიკური ნიშნით ფიზიკური ძალადობის – 1; ადმინისტრაციული რესურსის სავარაუდო გამოყენების – 18; ეკლესიის წინასაარჩევნო კამპანიაში ჩარევის – 6; მედიის საქმიანობისთვის სავარაუდო ხელის შეშლის – 2 შემთხვევა; ასევე, პოლიტიკური შინაარსის პლაკატების დაზიანების შემთხვევები 13 მუნიციპალიტეტში.

როგორც ჟურნალისტებს, ორგანიზაციის აღმასრულებელმა დირექტორმა ელენე ნიჟარაძემ განუცხადა, ანგარიში მოიცავდა 4 აგვისტოდან 5 სექტემბრის ჩათვლით პერიოდს.

ელენე ნიჟარაძის თქმით, მმართველი პარტიის მიერ ამომრჩევლის სავარაუდო მოსყიდვის მცდელობების გარდა, დაფიქსირდა ამომრჩეველთა მოსყიდვა „პატრიოტთა ალიანსის“ და „თავისუფალი საქართველოს“ მიერ, ასევე ცალკეულ შემთხვევებში ამომრჩევლების კეთილგანწყობის მოპოვებას სურსათის დარიგებით „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლებიც ცდილობდნენ.

„ამომრჩევლის მოსყიდვასთან ერთად, ადმინისტრაციული რესურსის გამოყენება შეინიშნება სახელმწიფო და ადგილობრივი ბიუჯეტით დაფინანსებულ ღონისძიებებზე, მმართველი პარტიის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატების ჩართულობაში. მასშტაბურ სახეს იძენს ხელისუფლების მხრიდან სხვადასხვა სოციალური პროექტების ინიცირება, რომლებიც კონკრეტული სოციალური ჯგუფებისთვის მატერიალური სარგებლის მოტანას ისახავს მიზნად. ჩნდება განცდა, რომ მმართველი პარტია „ქართული ოცნება“ ცდილობს, საარჩევნო მიზნით, გამოიყენოს ყველა სახის ადმინისტრაციული რესურსი, რომელზეც ხელი მიუწვდება.

მმართველი პარტიის ღონისძიებებზე შეინიშნება საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის მაღალი სასულიერო იერარქების დასწრება, რაც ეკლესიის მიერ „ქართული ოცნების“ მხარდაჭერის განცდას ქმნის.

მიმდინარე საანგარიშო პერიოდში, ოპოზიციური პარტიის აქტივისტის მიმართ, სავარაუდოდ, პოლიტიკური ნიშნით ფიზიკური ანგარიშსწორების ფაქტი დაფიქსირდა. ამასთანავე, გაზრდილია, სავარაუდოდ, პოლიტიკური ნიშნით ზეწოლა-მუქარისა და სამსახურიდან გათავისუფლების შემთხვევები.

ზეწოლისა და მუქარის ფაქტები, ძირითადად, დაფიქსირდა ოპოზიციური პოლიტიკური პარტიების აქტივისტებისა და მხარდამჭერების მიმართ, ხოლო, ერთ შემთხვევაში, მმართველი პარტიის მხარდამჭერი მუქარაში „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“ ადანაშაულებს. საანგარიშო პერიოდში გამოვლინდა პოლიტიკური ნიშნით ოპოზიციური პარტია „ლელოს“ აქტივისტებზე ფიზიკური თავდასხმის ფაქტი”,- განაცხადა ნიჟარაძემ.