კაპანაძე განმარტავს, რატომ არის აქცენტირებული მათ საარჩევნო ბუკლეტში „ნაციონალურ მოძრაობასთან“ არსებული განსხვავებები

366
ამ შემთხვევაზე "ევროპული საქართველოს" ოფისში ბრიფინგიც გაიმართა. ფოტოზე: პარტიის მერობის კანდიდატი ადიგენში გელა სარაშვილი და სერგი კაპანაძე

„ევროპული საქართველოს“ საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელი, სერგი კაპანაძე განმარტავს, რატომ არის აქცენტირებული მათ საარჩევნო ბუკლეტში „ნაციონალურ მოძრაობასთან“ არსებული განსხვავებები.

სერგი კაპანაძის განცხადებით, პარტია მომავალშიც გააგრძელებს მოსახლეობისთვის პროგრამის გაცნობას და ასევე იმ განსხვავებების აქცენტირებას, რომელიც სხვა პოლიტიკურ ძალებთან არის. სერგი კაპანაძის განმარტებით, ფაქტი, რომ განსხვავებების აქცენტირება, სხვაგვარად იქნა აღქმული, პარტიების მოუმწიფებლობასა და იმაზე მეტყველებს, რომ ისინი განსხვავებებზე სასაუბროდ მზად არ არიან.

„ძალიან საინტერესოა, რომ ჩვენმა ბუკლეტმა ასეთი დაინტერესება გამოიწვია საზოგადოებაში. ამ ბუკლეტის გარდა, ჩვენ ბევრი სხვა ბეჭდვითი მასალა გვაქვს, რომელსაც ვავრცელებთ ყველგან. მათში არის საუბარი ჩვენს გეგმებზე, იმ ვალდებულებებზე, რომელსაც ჩვენ ვიღებთ საზოგადოებასთან, ვალდებულებებზე, რომელიც ეხება ეკონომიკური მდგომარეობის გამოსწორებას, მიმართულების შეცვლას ქვეყნისთვის, როგორ უნდა მოხდეს ეს, როგორ უნდა შემცირდეს გადასახადები, როგორ უნდა დავუტოვოთ მეტი ფული თითოეულ ოჯახს, როგორ უნდა მოხდეს კერძო საკუთრების გაზრდა, როგორ უნდა მოხდეს შესაბამისად ამ სიღარიბის დაძლევა – ეს არის ძირითადი ნაწილი იმ ბუკლეტის. ბუნებრივია, იქ არის საუბარი ასევე იმაზე, „ქართული ოცნება“ რატომ არ უნდა აირჩიოს მოსახლეობამ. ყველაზე მნიშვნელოვანი არის, რომ „ქართული ოცნების“ არ არჩევის შემდეგ, შეიცვალოს ქვეყანამ გეზი და „ევროპული საქართველო“ უნდა იყოს კომპასი ამ მიმართულებით. ამ ბუკლეტში ასევე, არის საუბარი იმ განსხვავებებზე, რომელიც ჩვენ გვაქვს „ნაციონალურ მოძრაობასთან“ და ჩვენ მნიშვნელოვნად მიგვაჩნია ამასაც ხაზი გაესვას გამომდინარე იქიდან, რომ ამომრჩეველს აინტერესებს, რა არის ამ ორ პარტიას შორის განსხვავებები. იქ არის საუბარი იმაზე, რომ მაგალითად განსხვავებული პოზიცია გვაქვს საპენსიო დაგროვებით ანაბრებთან დაკავშირებით, ქონების ხალხისთვის კერძო საკუთრებაში გადაცემასთან დაკავშირებით, ერთპიროვნულ მმართველობასა და ლიდერის როლთან დაკავშირებით და სხვა რამდენიმე საკითხია ჩამოთვლილი, რომელშიც ჩვენს შორის დეკლარირებული განსხვავებებია, რომელსაც რეალურად არავინ მალავს.

აქედან გამომდინარე, ჩვენ მომავალშიც გავაგრძელებთ როგორც ჩვენი პროგრამის გაცნობას ხალხისთვის, ისევე იმ განსხვავებების აქცენტირებას, რომელიც ჩვენ გვაქვს სხვა პოლიტიკურ ძალებთან.

ძალიან სამწუხაროა, რომ ზოგიერთმა ადამიანმა განსხვავებების აქცენტირება აღიქვა სხვაგვარად და ეს უფრო მეტად მეტყველებს ამ პარტიების მოუმწიფებლობაზე და იმაზე, რომ ისინი არ არიან მზად, რომ ისაუბრონ განსხვავებებზე,“ – განაცხადა სერგი კაპანაძემ.