„ლელოს“ წევრ გიორგი გლურჯიძეზე თავდასხმაში ბრალდებული პირი დააკავეს. ამის შესახებ ინფორმაციას შსს ავრცელებს.
„შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის დიდუბე-ჩუღურეთის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, 1988 წელს დაბადებული გ.დ. ძალადობის ბრალდებით დააკავეს.
გამოძიებით დადგინდა, რომ დაკავებულმა, 2020 წლის 4 სექტემბერს, თბილისში, სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა ერთ-ერთი პოლიტიკური პარტიის წევრს“, – ნათქვამია შსს-ს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
გამოძიება ძალადობის ფაქტზე მიმდინარეობს, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის 1 პრიმა მუხლის ,,ბ” ქვეპუნქტით.
შეგახსენებთ, რომ „ლელო საქართველოსთვის“ აქტივისტს გიორგი გლურჯიძეს გუშინ თავს დაესხნენ. პარტიის პრესსამსახურში განაცხადეს, რომ თავდასხმის შედეგად გიორგი გლურჯიძემ ტვინის შერყევა მიიღო, რის გამოც ის ღუდუშაურის კლინიკაში გადაიყვანეს.
გიორგი გლურჯიძე „ლელოს“ წევრის, ლევან სამუშიას შტაბის ხელმძღვანელია.