ახალციხეში საბარგო სადგურზე გზის მშენებლობა 30 ოქტომბერს დასრულდება

1183

პროექტში შესული ცვლილების მიხედვით, საბარგო სადგურზე შპს „მექანიზატორის“ და მის მიმდებარე ტერიტორიიდან, გზის სავალ ნაწილზე მოხვედრილი წყლის თავიდან აცილების მიზნით სადრენაჟო სისტემა ეწყობა.

„აქ მოეწყობა დახურული ტიპის გრძივი 460მ და განივი 20მ დრენაჟი, მსხვილნატეხოვანი კლდოვანი გრუნტის და რიყის ქვის მასალის გამოყენებით“, – აცხადებენ საქართველოს საგზაო დეპარტამენტში.

მათი თქმით, აღნიშნული დრენაჟის მოწყობა სრულად უზრუნველყოფს წყლის მოცილებას სავალი ნაწილიდან. სწორედ აქ აქ ჩამოსული გრუნტის წყალი აზიანებს გზის საფუძველს და სწორედ ამ წყლის თავიდან აცილების მიზნით, პროექტში ცვლილება განხორციელდა.

ამ ეტაპზე, საგზაო დეპარტამენტში სადრენაჟო სისტემების ცვლილების განხილვა-შეთანხმება მიმდინარეობს, თუმცა როგორც უწყებაში აცხადებენ, ზემოაღნიშნული არ უშლის ხელს სამუშაოების წარმოებას დანარჩენ მონაკვეთებზე: „აღნიშნული ცვლილება არ იწვევს სახელშეკრულებო ღირებულების ცვლილებას. კონტრაქტორ ორგანიზაცია შპს „ქროსფოინტს“ სამუშაოების დასრულების ვადა გაუგრძელდა მიმდინარე წლის 30 ოქტომბრის ჩათვლით“.

შეგახსენებთ, რომ საბარგო სადგურზე გზის მშენებლობა 16 აგვისტოს უნდა დასრულებულიყო, თუმცა იმის გამო რომ მშენებლობის პროცესში გრუნტის წყლები გზის ფუძეს აზიანებდა, პრეოქტში ცვლილების შეტანა და სადრენაჟ სისტემის დამატება გახდა საჭირო.

წყარო: სამხრეთის კარიბჭე