“შტაბის წევრების 70% არსად წასულა” – როგორ კომპლექტდება “ევროპული საქართველოს” ახალციხის შტაბი

418

„ევროპული საქართველოს“ ახალციხის შტაბს ახალი ხელმძღვანელი ჯერ არ ჰყავს. მას შემდეგ, რაც აღნიშნული პოსტი გელა დემეტრაძემ დატოვა, შტაბს დროებით ზურაბ ჩილინგარაშვილი ხელძღვანელობს. იგი ამავდროულად პარტიის მაჟორიტარობის კანდიდატი იქნება ახალციხე-ადიგენი-ასპინძა-ბორჯომის ოლქში. ამის შესახებ სამხრეთის კარიჭე წერს.

„ევროპული საქართველოს“ ახალციხის შტაბმა მუშაობა ზურაბ ჩილინგარაშვილის ხელმძღვანელობით დაიწყო, თუმცა ჯერ კიდევ არ არის გარკვეული, შტაბის ძველი შემადგენლობიდან ვინ დარჩა პარტიის მხარდამჭერად და ვინ გაჰყვა შტაბის ძველ ხელმძღვანელს, გელა დემეტრაძეს „ნაციონალურ მოძრაობაში“.

„მე ვერ გეტყვით, რა იყო ადრე, მაგრამ მე რომ მოვედი ამ შტაბში, სულ წავიდა 6 კაცი, ორი ადამიანი წავიდა ადიგენის შტაბიდანაც. ახლა ტელეფონით ვამოწმებთ ვინ დარჩა და ვინ წავიდა, 70% ამბობს, რომ არსად წასულა“, – ამბობს ზურაბ ჩილინგარაშვილი.

მისივე თქმით, ამ ეტაპზე ახალციხის შტაბის ხელმძღვანელი არ აურჩევიათ: „ჯერჯერობით შტაბის ხელმძღვანელობა მე შევითავსე, ხალხს ვეცნობი, იმიტომ, რომ მე არ მქონია მათთან კავშირი, აქედან გამომდინარე, ვერ გეტყვით ზუსტად ვინ იქნება შტაბის ხელმძღვანელი, მაგრამ აუცილებლად იქნება. ხვალ მაქვს წარდგენა, მგონი ფოთში და რომ ჩამოვალთ მერე უფრო დავკვალიანდებით“.

ზურაბ ჩილინგარაშვილი ამბობს, რომ ახალციხის შტაბი ისევ იმავე შენობაში განაგრძობს მუშაობას, რადგან „ევროპულ საქართველოს“ შენობა 2020 წლის 31 დეკემბრამდე აქვს ნაქირავები: „შტაბი იქნება დაახლოებით 30 კაცის შემადგენლობით, რაც შეეხება აქტივისტებს, რომლებიც უკვე ხალხში გავლენ და იქ იმუშავებენ, რამდენადაც მე ვიცი დაახლოებით რაოდენობა იქნება 180-200 ადამიანი“.

ზურაბ ჩილინგარაშვილი საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობას 2012 წელსაც იღებდა. მაშინ იგი „ნაციონალური მოძრაობის“ კანდიდატი ადიგენის ოლქში იყო, ამავე პარტიიდან კი ახალციხის ოლქში კენჭს ვაჟა ჩიტაშვილი იყრიდა. რვა წლის შემდეგ, ორივე მათგანი ისევ მაჟორიტარობის კანდიდატად სახელდება, ოღონდ ამჯერად, ჩილინგარაშვილი „ევროპული საქართველოს“, ჩიტაშვილი კი „ნაციონალური მოძრაობის“ კანდიდატი იქნება.

ჩილინგარაშვილი მიიჩნევს, რომ ამ გზით ისინი ერთმანეთს ხელს არ შეუშლიან და პირიქით, ორივე ძალა გაერთიანდება არსებული ხელისუფლების წინააღმდეგ: „ჩვენ ერთმანეთს ხმებს არ წავართმევთ, რადგან არიან „ევროპული საქართველოს“ მხარდამჭერები, რომლებიც არავითარ შემთხვევაში „ნაციონალურ მოძრაობას“ არ მისცემენ ხმას და არიან „ნაციონალური მოძრაობის“ მხადამჭერები, რომლებიც არავითარ შემთხვევაში არ მისცემენ ხმას ევროპელებს. ჩემი აზრით, უფრო მეტ ხმებს წავართმევთ დღევანდელ ხელისუფლებას ცალკ-ცალკე, ვიდრე ერთად. ჩვენ მზად ვართ მხარი დავუჭიროთ ყველა ოპოზიციურ პარტიას მთავრობის წინააღმდეგ“.