ბაკურიანის განვითარების სააგენტო შეიქმნა

1559

ბორჯომის მუნიციპალიტეტში “ბაკურიანის განვითარების სააგენტო” დაფუძნდა. ახალი სსიპ–ი დაბა ბაკურიანის და სოფელი დიდი მიტარბის განვითარებაზე, დასუფთავებაზე, გამწვანებაზე, სანიაღვრე არხებისა და გზების მოვლა/პატრონობაზე იქნება პასუხისმგებელი. ამის შესახებ სამხრეთის კარიბჭე წერს.

ვინ უხელმძღვანელებს და რამდენი თანამშრომელი ეყოლება “ბაკურიანის განვითარების სააგენტოს”, ამ ეტაპზე უცნობია.

„სააგენტოს ხელმძღვანელი საკონკურსო წესით შეირჩევა და დანიშნავს ბორჯომის მერი, რომელიც ანგარიშვალდებული იქნება, როგორც მერთან ასევე საკრებულოსთან, ამ ეტაპზე საშტატო ნუსხა ჯერ განსაზღვრული არ არის, რაც შეეხება დაფინანსებას ჩართულები არიან ექსპერტები და სავარაუდოდ ცენტრალური ბიუჯეტიდან გამოიყოფა, თუმცა რამდენი ლარი ამ ეტაპზე არ ვიცით“, – ამბობს ბორჯომის საკრებულოს თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი ოთარ არბოლიშვილი.

სააგენტოს საქმიანობის მიზანი და ძირითადი მიმართულებები

1. სააგენტოს საქმიანობის ძირითადი მიზანია, როგორც ქვეყანაში, ისე, მის ფარგლებს გარეთ, დაბა ბაკურიანის და სოფელი დიდი მიტარბის ინტერესების, ეკოლოგიური უსაფრთხოების პრინციპების დაცვის გათვალისწინებით, დამხმარე ხასიათის სამეწარმეო საქმიანობის განხორციელების გზით, დაბა ბაკურიანის და სოფელი დიდი მიტარბის განვითარება, მათ შორის: მათი იერსახის თანამედროვე, ევროპულ სტანდარტებთან მისადაგება. ამ მიზნის მისაღწევად, დაბა ბაკურიანისა და სოფელი დიდი მიტარბის ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ საზღვრებში სააგენტოს საქმიანობის ძირითად მიმართულებებს შეადგენს:

ა) დასუფთავების საკითხების მოწესრიგება: დასუფთავებისა და მუნიციპალური ნარჩენების მართვის მომსახურება (მათ შორის, საყოფაცხოვრებო ნარჩენების შეგროვება, ტრანსპორტირება, ქუჩების, პარკების, სკვერების, საზოგადოებრივი ადგილების დასუფთავება და განთავსების ადგილზე ტრანსპორტირება, სამშენებლო ნარჩენების შეგროვება და ტრანსპორტირება ინდივიდუალურად გაფორმებული ხელშეკრულების შესაბამისად); კომპეტენციის ფარგლებში დასახლებული ტერიტორიის დასუფთავებისათვის მოსაკრებლის ამოღება და ამოღების ორგანიზება;

ბ) დასუფთავებისა და ნარჩენების მართვის სფეროს რეგულირებისათვის საჭირო წესების, პროექტების შემუშავებაში მონაწილეობის მიღება და მისი განხორციელება;

გ) ადგილობრივი მოსაკრებლების ამოღება;

დ) გარე რეკლამის განთავსების ადმინისტრირება;

ე) ტერიტორიის კეთილმოწყობა და შესაბამისი საინჟინრო ინფრასტრუქტურის (მათ შორის ადგილობრივი მნიშვნელობის ობიექტებზე შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისათვის, ბავშვებისა და მოხუცებისათვის სათანადო ინფრასტრუქტურის) განვითარება;

ვ) კომპეტენციის ფარგლებში სადრენაჟე ქსელების, სანიაღვრე კოლექტორების, ნაგებობების, წვიმმიმღებების, გვერდმიმღებებისა და საკონტროლო ჭების ექსპლუატაციის გაწევა;

ზ) ქუჩებზე, მოედნებზე, გზებზე არსებული სანიაღვრე ჭების, გვერდმიმღებების, სანიაღვრე კოლექტორების, ასევე, სადრენაჟე ქსელის მიმდინარე შეკეთება;

თ) ახალი სადრენაჟე ან/და სანიაღვრე ქსელის პროექტირებისას უკვე არსებულ ქსელზე ან სისტემაზე სწორად მიერთების მიზნით, ტექნიკური პირობის შეთანხმება;

ი) არსებული სადრენაჟე ან/და სანიაღვრე ქსელის დაზიანების პრევენციის მიზნით, ნებისმიერი მიწისქვეშა სამუშაოების ჩატარების პროექტის შეთანხმება;

კ) დაბა ბაკურიანისა და სოფელი დიდი მიტარბის ტერიტორიაზე ადგილობრივი მნიშვნელობის გზების მოვლა, შენახვა, მართვა;

ლ) კანონმდებლობით დადგენილი წესით, კომპეტენციის ფარგლებში, გამწვანებული ტერიტორიების მოვლა-პატრონობა და მოწყობა;

მ) კომპეტენციის ფარგლებში, გამწვანებულ ტერიტორიაზე სპეციალური და მოვლითი ჭრების დაგეგმვა და განხორციელება;

ნ) კომპეტენციის ფარგლებში, მწვანე ნარგავებთან დაკავშირებული სანიტარულ-პროფილაქტიკური და მავნებელ დაავადებებთან ბრძოლის ღონისძიებების დაგეგმვა და განხორციელება;

ო) კომპეტენციის ფარგლებში, გამწვანებულ ტერიტორიებზე მწვანე ნარგავების აღრიცხვა;

პ) დაბა ბაკურიანისა და სოფელი დიდი მიტარბის ტერიტორიის გამწვანება;

ჟ) სააგენტოს საკუთრებაში/სარგებლობაში არსებული ქონების მოვლა-პატრონობა და განკარგვა;

რ) დაბა ბაკურიანისა და სოფელი დიდი მიტარბის ტერიტორიულ ფარგლებში გარე განათების ქსელის მოწყობა, გარე განათების ობიექტების მოვლა-პატრონობის და გაფართოების სამუშაოების შესრულება;

ს) დაბა ბაკურიანისა და სოფელი დიდი მიტარბის ქუჩების, მოედნების, პარკების, ხიდების, გზატკეცილების, საცხოვრებელი მასივების, შიდა ტერიტორიების, შენობა-ნაგებობების გარე განათების (მათ შორის არქიტექტურულ-მხატვრული მინათების) უზრუნველყოფა, მიმდინარე შეკეთება და არსებული ქსელების რეკონსტრუქცია, კაპიტალური შეკეთება, ახალი ქსელების მშენებლობა და ექსპლუატაცია;

ტ) ორგანიზაციულ-ტექნიკური ხასიათის ღონისძიებების გატარება გარეგანათების ქსელში ელექტროენერგიის დანაკარგების შემცირების და უავარიო მუშაობის უზრუნველყოფის მიზნით;

უ) სანათი მოწყობილობებისა და ქსელების მოწყობა-შეკეთების მომსახურების გაწევა ხელშეკრულების საფუძველზე, საკრებულოს მიერ დადგენილი ტარიფებით;

ფ) დაბა ბაკურიანისა და სოფელი დიდი მიტარბის ადმინისტრაციულ საზღვრებში არსებული მუნიციპალური ტერიტორიების მოწესრიგების მიზნით, ინერტული (სამშენებლო) ნარჩენებით მოსწორებითი/ამოვსებითი სამუშაოების წარმოება;

ქ) დაბა ბაკურიანისა და სოფელი დიდი მიტარბის ადმინისტრაციულ საზღვრებში, მის ფუნქციონირებასთან დაკავშირებული შესაბამისი მატერიალურ-ტექნიკური ბაზის შექმნა და შემდგომი განკარგვა;

ღ) დაბა ბაკურიანსა და სოფელ დიდ მიტარბში კულტურული და სპორტული ბაზ(ებ)ის შექმნა და ამ მიზნით შესაბამისი ღონისძიებების დაგეგმვა, განხორციელება;

ყ) დაბა ბაკურიანისა და სოფელი დიდი მიტარბის ადმინისტრაციულ საზღვრებში მშენებლობის ნებართვის გაცემა, მშენებლობაზე საჯარო ზედამხედველობის განხორციელება, მათ შორის, შესაბამის სამსახურებთან თანამშრომლობით/კოორდინაციით – უკანონო და დასახლების იერსახესთან შეუსაბამო მშენებლობებთან, აგრეთვე, უკვე არსებულ, ამავე სახის შენობა-ნაგებობებთან დაკავშირებით, შესაბამისი რეაგირება ბორჯომის მუნიციპალიტეტის მიერ დადგენილი რეგულაციებისა და კანონმდებლობის შესაბამისად;

შ) ბორჯომის მუნიციპალიტეტის მიერ დაწესებული რეგულაციებისა და კანონმდებლობის შესაბამისად, დაბა ბაკურიანისა და სოფელი დიდი მიტარბის ადმინისტრაციულ საზღვრებში გარე ვაჭრობის, გამოფენების, ბაზრებისა და ბაზრობების მოწესრიგება და მონიტორინგის განხორციელება;

ჩ) დაბა ბაკურიანისა და სოფელი დიდი მიტარბის დასახლებული და საკურორტო ზონის – უპატრონო ცხოველებისგან განტვირთვის ხელშეწყობა, ასევე, მუნიციპალიტეტის მიერ დადგენილი შინაური ცხოველების ყოლის წესების დარღვევებზე რეაგირება და ამ მიზნით შესაბამისი ღონისძიებების ორგანიზება/გატარება კანონმდებლობით დადგენილი წესით;

ც) მუნიციპალიტეტის საქმიანობის ხელშეწყობის მიზნით, დაბა ბაკურიანისა და სოფელი დიდი მიტარბის შიდა ტრანსპორტის სვლაგეზების დაგეგმვის დოკუმენტის პროექტის მომზადებაში (შემუშავებაში) მონაწილეობის მიღება (მათ შორის ამავე დოკუმენტის პროექტის მუნიციპალიტეტის მერისთვის წარდგენა);

ძ) მუნიციპალიტეტის მიერ დადგენილი, ავტოსატრანსპორტო საშუალებების დგომის/გაჩერების წესების დაცვაზე ზედამხედველობა, დარღვევების გამოვლენა და რეაგირება კომპეტენციის ფარგლებში, ასევე, ავტოსატრანსპორტო საშუალებების პარკირების ადგილებით უზრუნველყოფა მუნიციპალიტეტის მიერ დადგენილი წესით;

წ) საკუთრებაში/სარგებლობაში არსებული საკურორტო ინფრასტრუქტურის მართვა და ფუნქციონირების უზრუნველყოფა.

ჭ) დაბა ბაკურიანის და სოფელი დიდი მიტარბის ადმინისტრაციულ საზღვრებში, მუნიციპალიტეტის უფლებამოსილებას მიკუთვნებულ შესაბამის ადმინისტრაციულ სამართალდარღვევაზე, შესაბამისი ოქმის შედგენა და საქმის წარმოება.