ქონების მართვის სააგენტო ქონებასთან დაკავშირებულ დავებზე საფასურის გადახდისა და დაკისრებისაგან გათავისუფლდება

324

თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ-ი – ქონების მართვის სააგენტო ქონებასთან დაკავშირებულ დავებზე საფასურის გადახდისა და დაკისრებისაგან გათავისუფლდება.

სააგენტოს აღსრულების საფასურის გადახდისგან გათავისუფლებას “ქართული ოცნების“ დეპუტატების სახელით მომზადებული ცვლილებები ითვალისწინებს, რომელიც “სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ კანონში შედის.

როგორც კანონის პროექტის განმარტებით ბარათშია აღნიშნული, მუნიციპალიტეტის ქონების პრივატიზაციისა და სარგებლობის უფლებით გადაცემის პროცესის უზრუნველყოფის მიზნით შექმნილი საჯარო სამართლის იურიდიული პირი ქონების მართვის სააგენტოა, რომლის წარმოებაში არსებული საქმეების რაოდენობა ჯამურად არის დაახლოებით – 48, აღსრულების მიახლოებითი თანხა კი შეიძლება 51 010 ლარს შეადგენდეს. ამასთანავე, დღეის მდგომარეობით, დასრულებულია სამი საქმე, რომლისთვისაც აღსრულების მიახლოებითი თანხა შეიძლება 1 920 ლარი იყოს. ქონების მართვის სააგენტოს მიმართ ზიანის ანაზღაურების მოთხოვნით კი მიმდინარეობს 2 საქმე, რომლის წაგებით დასრულების შემთხვევაში, აღსრულების მიახლოებითი თანხა შეიძლება 177 000 ლარი იყოს.

“აღნიშნულ საქმეებს სააგენტო აწარმოებს 2019 წლის 23 ივლისიდან, მას შემდეგ, რაც თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქონების მართვის სააგენტოს კანონიერ ძალაში შესული სასამართლო გადაწყვეტილებების აღსრულებასთან დაკავშირებული ღონისძიებების განხორციელების უფლებამოსილება მიენიჭა.

აღსრულების საფასურის გადახდა სააგენტოს მიერ ჯერ არ მომხდარა. დღეის მდგომარეობით, დასრულებული საქმე არის სამი, რა შემთხვევაშიც, როგორც აღსრულების მიახლოებითი თანხა შეიძლება 1920 ლარი იყოს. შესაბამისად, ამ ეტაპისათვის აღსრულების ჯამური საფასური ჯამურად (როგორც უკვე მითითებულ დასრულებულ საქმეებზე, ასევე მიმდინარე საქმეებზე), შესაძლებელია დაახლოებით 228 010 ლარი იყოს“, – აღნიშნულია პროექტი განმარტებით ბარათში.