“ნაციონალური მოძრაობის” წევრის თინა ბოკუჩავას განცხადებით, “პატრიოტთა ალიანსის” დაფინანსების საკითხთან დაკავშირებით აუდიტის სამსახური ფორმალურ მოკვლევას დაიწყებს და ამას კონკრეტული შედეგი არ ექნება. ბოკუჩავა “პატრიოტთა ალიანსს” “ქართული ოცნების” “რადიკალურ ფრთას” უწოდებს და აცხადებს, რომ მოლოდინი, რომ დღევანდელი ხელისუფლების პირობებში “პატრიოტთა ალიანსი” არჩევნებიდან მოიხსნება, არ არსებობს.
„მე გეტყვით ჩემს მოლოდინს „ქართული ოცნების” რადიკალურ ფრთასთან, „პატრიოტთა ალიანსთან” დაკავშირებით. ეს არის ის, რომ დაიწყება ფორმალური მოკვლევა აუდიტის სამსახურის მხრიდან, არანაირი კონკრეტული რეაგირება არ მოჰყვება. ნორმალურ სახელმწიფოში, სადაც ხელისუფლება მართლაც პროდასავლური იქნებოდა, ამგვარი ანტისახელმწიფოებრივი ძალა, რომელიც ფინანსდება პირდაპირ რუსეთის სპეცსამსახურების მიერ და არღვევს სხვადასხვა კანონს, მოიხსნებოდა არჩევნებიდან. ამ ხელისუფლების მხრიდან, რომელთაც ამერიკელები ღიად ეძახიან პუტინის ინტერესების გამტარებლებს, ივანიშვილის რეჟიმის მხრიდან, ასეთი მოლოდინი არ გვაქვს. ეს იქნება მხოლოდ ფორმალური მოკვლევა, რომელსაც არანაირი კონკერტული შედეგი არ მოჰყვება”,- განაცხადა ბოკუჩავამ.
ცნობისთვის, სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა „საქართველოს პატრიოტთა ალიანსის“ დაფინანსების კანონიერების ფაქტზე მოკვლევა დაიწყო.