შუღლის გაღვივების მცდელობა — “პატრიოტთა ალიანსმა” საარჩევნო ბანერზე აჭარა ოკუპირებულ რეგიონად წარმოაჩინა

408

შემდეგი სტატია

პარტია “პატრიოტთა ალიანსმა” განათავსა ბანერი, სადაც საქართველოს რუკაზე აჭარის რეგიონი გამოყოფილია, როგორც ოკუპირებული ტერიტორია, აფხაზეთთან და სამხრეთ ოსეთთან ერთად.

პარტიამ აჭარაში განთავსებულ წინასაარჩევნო ბანერებზე შემდეგი მოწოდება გაავრცელა: “დაიცავი აჭარა! დაიცავი შენი წილი საქართველო!”. ბანერზე აჭარა ოკუპირებული ტერიტორიების ფერებშია გამოსახული.

აღნიშნულს სოციალურ ქსელში კრიტიკა მოჰყვა, “პატრიოტთა ალიანსს” შუღლის გაღვივებაში ადანაშაულებენ.

On.ge დაუკავშირდა ცენტრალურ საარჩევნო კომისიას, სადაც განაცხადეს, რომ საარჩევნო კოდექსის თანახმად, საარჩევნო კამპანია ცხადდება არჩევნების დანიშვნის შემდეგ, მანამდე კი ცესკოს ფაქტზე რეაგირება არ შეუძლია.

არასამთავრობო ორგანიზაცია სამართლიანი არჩევნების იურისტი, ნინო რიჟამაძე პირად ფეისბუქგვერდზე წერს, რომ არჩევნების გამოცხადებისთანავე ექნებათ რეაგირება აღნიშნულ ფაქტზე და საარჩევნო ადმინისტრაციას მიმართავენ ბილბორდის უკანონობასთან დაკავშირებით.

“პატრიოტთა ალიანსის მიერ აჭარაში ანტითურქული რიტორიკა ახალი არ არის, მაგრამ ეს ბილბორდი იმ კონკრეტულ ადგილას შუღლის გაღვივების ნიშნებს შეიცავს და პროვოკაციას ჰგავს. პარტიის მიერ წინასაარჩევნო მოწოდებებისას შუღლს გაღვივება აკრძალულია”, — წერს ნინო რიჟმაძე.

ენმ-ის წევრმა ხატია დეკანოიძემ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს მიმართა და მათ პატრიოტთა ალიანსის, როგორც საარჩევნო სუბიექტის გაუქმება მოსთხოვა.

“გაუქმდეს პატრიოტთა ალიანსი, როგორც საარჩევნო სუბიექტი და მოიხსნას არჩევნებიდან. პარტიის რეკლამა, სადაც პირდაპირ რუსული პროპაგანდაა – დაუყოვნებლივ ჩამოიხსნას.. კანონი გავალდებულებთ რეაგირება მოახდინოთ!”, – დაწერა დეკანოიძემ Facebook-ზე.

გავრცელებულ ფოტოს გამოეხმაურა “ევროპული საქართველოს” ვაკის მაჟორიტარი კანდიდატი ელენე ხოშტარიაც.

“აი ამაში იხდიან ზუსტად რუსები ფულს! არაფერი არ ყოფილა გამოსაძიებელი, ტიპები პირდაპირ შუღლს აღვივებენ ტყუილებით”, – დაწერა ხოშტარიამ Facebook-ზე.

მომხდარს გამოეხმაურა პარტია “ლელოს” ბათუმის მაჟორიტარობის კანდიდატი ირაკლი კუპრაძეც. მისი განცხადებით, ეს არის დანაშაულებრივი ქმედება, აჭარის მოსახლეობის შეურაცხყოფა და საშინელი განწყობების თესვა რეგიონში.

თავად “პატრიოტთა ალიანსში” კი ამაში პრობლემას ვერ ხედავენ. მეტიც, პარტიის ლიდერის, ირმა ინაშვილის განცხადებით, “აჭარისა და ქვეყნის ერთიანობის დაცვისკენ” მიმართული ქმედებაა. ინაშვილი ამტკიცებს, რომ თურქეთი ახორციელებს ეკონომიკურ და იდეოლოგიურ ექსპანსიას.

“პატრიოტთა ალიანსის” მხრიდან ეს პირველი შემთხვევა არ არის, როდესაც აჭარის ე.წ. ოკუპაციაზე მიანიშნებენ. სხვადასხვა დეზინფორმაციულ ამბებზე დაყრდნობით პატრიოტთა ალიანსს სურს დაამტკიცოს, რომ არამხოლოდ რუსეთი, არამედ “თურქეთიც ოკუპანტია”. მათ არაერთხელ გაავრცელეს ანტითურქული რიტორიკა. ამავდროულად, პარტია ცნობილია პრორუსული და ანტიდასავლური პოლიტიკით.

აღსანიშნავია, რომ 24 აგვისტოს ორგანიზაცია “დოსიემ” საგამოძიებო სტატია გამოაქვეყნა, რომელშიც ავტორები თანდართულ დოკუმენტებზე დაყრდნობით, წერენ, რომ “პატრიოტთა ალიანსი” წინასაარჩევნო კამპანიისთვის ინსტრუქციებს კრემლიდან იღებს.

ამასთან, დოკუმენტების მიხედვით, “პატრიოტთა ალიანსმა” მოსკოვში წინასაარჩევნო ბიუჯეტი გაგზავნა, რომელიც 8 მილიონ დოლარს აღემატებოდა.