უნებართვოდ განთავსებული რეკლამები ჩამოიხსნა, შედგენილია სამართალდარღვევის ოქმი — ბათუმის მერია “პატრიოტთა ალიანსზე”

279

წინა სტატია

ბათუმის მერიის ინფორმაციით, მუნიციპალურმა სამსახურმა “უნებართვოდ განთავსებული” პატრიოტთა ალიანსის ბანარები 2 ლოკაციაზე ჩამოხსნა. მათივე განცხადებით, ბანერები ჩამოხსნეს “კანონმდებლობით გათვალისწინებული ნორმების შესაბამისად”.

“აღნიშნულთან დაკავშირებით შედგენილია სამართალდარღვევის ოქმი, რომელიც შემდგომ გადაგზავნილი იქნება ბათუმის საქალაქო სასამართლოში განხილვის მიზნით”, — წერია მერიის განცხადებაში.

პარტია “პატრიოტთა ალიანსმა” განათავსა ბანერი, სადაც საქართველოს რუკაზე აჭარის რეგიონი გამოყოფილია, როგორც ოკუპირებული ტერიტორია, აფხაზეთთან და სამხრეთ ოსეთთან ერთად. აღნიშნულს სოციალურ ქსელში კრიტიკა მოჰყვა, პატრიოტთა ალიანსს შუღლის გაღვივებაში ადანაშაულებენ.

თავად “პატრიოტთა ალიანსში” კი ამაში პრობლემას ვერ ხედავენ. მეტიც, პარტიის ლიდერის, ირმა ინაშვილის განცხადებით, ეს “აჭარისა და ქვეყნის ერთიანობის დაცვისკენ” მიმართული ქმედებაა.

პატრიოტთა ალიანსის მხრიდან ეს პირველი შემთხვევა არ არის, როდესაც აჭარის ე.წ. ოკუპაციაზე მიანიშნებენ. სხვადასხვა დეზინფორამციულ ამბებზე დაყრდნობით პატრიოტთა ალიანსს სურს დაამტკიცოს, რომ არამხოლოდ რუსეთი, არამედ “თურქეთიც ოკუპანტია”. მათ არაერთხელ გაავრცელეს ანტითურქული რიტორიკა. ამავდროულად, პარტია ცნობილია პრორუსული და ანტიდასავლური პოლიტიკით.